თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

27.03.26 18:18
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძე სათათბიროდ გავიდა. 

ამ დროისთვის უცნობია განაჩენის გამოცხადების თარიღი. 

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა თორნიკე თოშხუამაც.

მთავარი კითხვა, რაც ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, ადამიანისთვის და საზოგადოების რიგითი წევრისთვის არის ის, ამ სისხლის სამართლის საქმეზე რა არის დაზარალებულის პოზიცია. მან მისცა სასამართლოს წინაშე ჩვენება, მისი გაცხადებული პოზიცია იყო ის, რომ მას გაეხარდებოდა და სურდა, რომ ეს სასამართლო სხდომა დამთავრებულიყო, ბიჭები გათავისუფლებულიყვნენ. ეს არის ყველაზე დიდი, სწორი და მნიშვნელოვანი ასპექტი, რაზეც უნდა იმსჯელოს სასამართლომ. ახლა ის, რომ გარდაცვლილი ადამიანის სიტყვებით სპეკულირებს ბრალდების მხარე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ბრუნვაში აყენებს მეტკინა, ეტკინა და აუღლებს სიტყვებს, ეს არ ცვლის იმას, რომ არავინ ბიჭების პატიმრობით დაინტერესებული არ არის, გარდა ცალკე აღებული კონკრეტული პროკურატურისა," - განაცხადა ომარ ფურცელაძემ. 

ადვოკატი დათა კუპრავა განმარტავს, რომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მოქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო და სასამართლოს მხირდან ერთადერთი სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება გამამართლებელი ვერდიქტის გამოტანა იქნება. 

ბიჭები იმყოფებოდნენ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. იქიდან გამომდინარე, რომ პიროვნება აცნობიერებს, რომ მისი მიმართულებით გადაადგილდება აგრესიულად განწყობილი პირი, რომელიც აქამდე საზოგადოებაში ავრცელებდა მუქარას, შეურაცხყოფას და ვხედავ, რომ ეს პიროვნება მოდის ჩემი მიმართულებით, მეჯახება სხეულით, არის აგრესიულად განწყობილი ჩემს მიმართ, მე კანონმდებელმა თავის დროზე კანონმდებლობაში ჩამიწერა აუცილებელი მოგერიების უფლება, რომელიც მაძლევს საშუალებას მოვიგერიო თავდამსხმელი. მას შემდეგ, როცა მოიგერიეს ბექა გოცირიძე, აგრესიულად განწყობილი, ყველა აქციის მონაწილე, მათ შორის ბრალდებულები თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, ცდილობდნენ ადგილიდან გაეძევებინათ ბექა გოცირიძე. 

აქედან გამომდინარე, დაცვის მხარის პოზიციით, ეს იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედება და ჩვენი შეფასებით ერთადერთი სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ გამამართლებელი ვერდიქტი," - თქვა დათა კუპრავამ. 

რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს?

ორივე დაკავებულს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სცემეს.

ვინ არის ბექა გოცირიძე?

დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც.

აქტივისტების თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. სოციალურ ქსელში არის ვიდეო-მასალებიც, სადაც  ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს აგინებს.

ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე 8 თებერვალს გარდაიცვალა.