"თავს ვგრძნობ სრულიად უდანაშაულოდ... პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ვარ" - თორნიკე თოშხუას საბოლოო სიტყვა

27.03.26 18:38
"თავს ვგრძნობ სრულიად უდანაშაულოდ... პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ვარ" - თორნიკე თოშხუას საბოლოო სიტყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე სამოქალაქო აქტივისტმა, ბრალდებულმა თორნიკე თოშხუამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა. 

მისი თქმით, ის წარდგენილ ბრალში თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს. თორნიკე თოშხუამ აღნიშნა, რომ "სისტემამ იხელმძღვანელა პოლიტიკური ნიშნით" და რომ ის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია -  "იმიტომ, რომ ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყო ჩემზე განხორციელებული ზეწოლა".

ჩვენი მოქმედება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით და ეს იყო თავდაცვა იმ სიკეთეების, რაც ჩვენ შევადგინეთ, როგორც ცალკეულმა, ისე ერთობლივმა ინდივიდებმა

...მე არ მაქვს ჩემი ღირსების შემლახველი და მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფის მოთმენის ვალდებულებები და თავი დავხარო ჩემს მიმართ განხორციელებული უსამართლობის წინაშე, არც ერთი კანონი არ მავალდებულებს ამას. ვერც ერთი ბრალი ვერ დაასაბუთებს იმას, რომ მე ვიყავი აგრესიის გამომწვევი, აგრესიის ინიციატორი და არა - ის თავდაცვითი მოქმედებები, რაც მოჰყვა ჩვენზე განხორციელებული აგრესიის ნეიტრალიზებას.

ფაქტია, ბექა გოცირიძის აღნიშნული ტერიტორიიდან გაცილების შემდეგ იქ ურთიერთობა გაგრძელდა წყნარ, მშვიდ, არაკონფლიქტურ გარემოში. იქ დამატებით რამე, ადევნებები ჩვენ მიერ არ ყოფილა განხორციელებული.

თავს ვგრძნობ სრულიად უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალში და ერთი ისაა, რომ სისტემამ იხელმძღვანელა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ვარ, იმიტომ, რომ ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყო ჩემზე განხორციელებული ზეწოლა და მით უმეტეს, ის რეპრესიული კანონები, რაც მიღებულია, ფაქტია, რუსთაველზე დღეის მდგომარეობით გადასვლა იმდენად კრიმინალიზებული გახდა, რომ შეიძლება, ტერორისტად მოინათლო. ჩემი გარეთ ყოფნის დროს ავტორიტარიზმი მყარდებოდა და უკვე დიქტატურამ მოახდინა კონსოლიდირება," - განაცხადა ბრალდებულმა თორნიკე თოშხუამ. [შიფრი: "პუბლიკა"]

რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს?

ორივე დაკავებულს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სცემეს.

ვინ არის ბექა გოცირიძე?

დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც.

აქტივისტების თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. სოციალურ ქსელში არის ვიდეო-მასალებიც, სადაც  ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს აგინებს.

ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე 8 თებერვალს გარდაიცვალა.