„ფრთხილად იყვნენ ჩვენთან“ - მეუფე იაკობი სუს-ის სკანდალურ ფაილებზე

29.03.26 17:21
„ფრთხილად იყვნენ ჩვენთან“ - მეუფე იაკობი სუს-ის სკანდალურ ფაილებზე

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროცესები დაუშვებელია. საუბარია სუსიდან გამოჟონილ ფაილებზე, საიდანაც ირკვევა, რომ საეკლესიო პირებს უსმენდნენ.

მისი თქმით, სასულიერო პირებს არაფრის ეშინიათ, რადგან ღვთის ნებით მოქმედებენ. 

ჩვენში არ შეიძლება რაღაც დაძაბულობა, ტელევიზიებში ათას სისულელეს უყურებ. არც ფაილები მაინტერესებს და არც ვინც გვისმენს, თორემ ვინც გვისმენს, იმასაც მოვკიდებთ ხელს, გვარებიც ვიცით, ყველაფერი ვიცით, ერთმა თავიც მოიკლა, ხომ ხედავთ. ფაილებში შეიძლება 95% სიმართლე თქვან და რაღაცა სისულელეებიც ბრძანონ. ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, ღმერთი გვიყვარს. წესიერად მოიქცეს ყველა. მე ახლა ჩვენი სახელმწიფოს იმაზე ვლაპარაკობ, ვისაც სიკეთე არ უნდა ჩვენთვის, ფრთხილად იყვნენ ჩვენთან, იმიტომ, რომ ჩვენთან არს ღმერთი, - თქვა მეუფე იაკობმა. 

"შაბათის ეთერმა" სუს-ის აქამდე უცნობი ფაილები შეისწავლა - ფაილების თანახმად, სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2017 წლიდან ეძებდნენ პატრიარქის შემცვლელს და იკვლევდნენ, ვის რა შანსი ჰქონდა, შეეცვალა ილია მეორე. 

TV პირველის გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, 2021 წელს გამოჟონილი ათი ათასობით ფაილის გარკვეული ნაწილის გაანალიზების შედეგად დგინდება, რომ მინიუმ 2017 წლიდან, როდესაც პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სუსი აქტიურად მუშაობდა იმის გამოსარკვევად, ვის რა შანსი ჰქონდა, დაედგა პატრიარქის მიტრა.