პროკურორი განმარტავს, რატომ გადაკვალიფიცირდა სხვისი ნივთის დაზიანებით დაწყებული გამოძიება ტერორიზმის მუხლით

31.03.26 15:39
პროკურორი განმარტავს, რატომ გადაკვალიფიცირდა სხვისი ნივთის დაზიანებით დაწყებული გამოძიება ტერორიზმის მუხლით

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ რატომ გადაკვალიფიცირდა სხვისი ნივთის დაზიანებით დაწყებული გამოძიება ტერორიზმის მუხლით. 

ბრალდების მხარის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო, ხოლო მოგვიანებით, მტკიცებულებების შეკრების შემდეგ "დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის საფუძველზე" მოხდა ბრალის წარდგენა. 

მოცემულ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო იმდღესვე, დაუყოვნებლივ, როდესაც მოხდა ფაქტი, თუმცა გამოძიება საჭიროებს გარკვეულ დროს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ბრალდების მხარემ არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, დანიშნა ექსპერტიზები, რომლის მიღებასაც სჭირდება გარკვეული დრო. ასევე, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს და მოხდა აღნიშნულ ინფორმაციაზე ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისად როდესაც მოხდა სრულად მტკიცებულებების შეკრება, მაშინ მოხდა ბრალის წარდგენაც, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის საფუძველზე.

საჩივრის საფუძველზე გამოძიება არ არის დაწყებული, გამოძიება დაწყებულია შეტყობინების საფუძველზე, შემდგომ გამოძიების მიმდინარეობისას მოხდა მოცემულ საქმეზე მტკიცებულებების შეგროვება. არაერთი მოწმეა გამოკითხული მოცემულ საქმეზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ მონაცემებს ვერ დავასახელებ," - განაცხადა პროკურორმა. 

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამასთან, გუშინ, პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა.