ფაშისტური ჯგუფის საქმე - დაკავებულების ნაწილი ამტკიცებს, რომ არა მოძალადეები, არამედ მუსიკოსები არიან

31.03.26 15:51
ფაშისტური ჯგუფის საქმე - დაკავებულების ნაწილი ამტკიცებს, რომ არა მოძალადეები, არამედ მუსიკოსები არიან

ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრების საქმე 4 ნაწილად დაიყო. საქალაქო სასამართლოს სხვადასხვა დარბაზში მოსამართლეები ჯგუფური წამების საქმეების სხვადასხვა ეპიზოდების განხილვას იწყებენ.

პირველი 12 პირიანი პროცესი გაიმართება. 12-ივე ბრალდებული საქალაქო სასამართლოში უკვე ეტაპირებულია. 

როგორც ადვოკატების "პირველებს" ეუბნებიან, არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ მუსიკოსები არიან და ნეონაცისტურ დაჯგუფებასთან კავშირი არასდროს ჰქონიათ.

ბრალება სიძულვილის მოტივით არის წარდგენილი და ამიტომ აკავშირებენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ნეონაცისტურ დაჯგუფებასთან, რასაც კატეგორიულად უარვყოფთ და არ ვიზიარებთ ბრალდების ამ პოზიციას, იმიტომ, რომ მსგავსი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. დუმილის უფლებას ვიყენებთ კი ბატონო ამ ეტაპზე. სხვა დაკავებულებთან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კონტაქტი არ ჰქონია. ერთი დაზარალებული, რომელიც რამდენიმეჯერ არის გალახული, მისი ჩვენებიდან გამომდინარე არის ამ შემთხვევაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით საქმე აღძრული. რაღაც ერთ გადაკვეთის წერტილში მოხვდა ამ დაზარალებულთან, თუმცა ძალადობას არ ვადასტურებთ, უბრალოდ იცნობდნენ ერთმანეთს", - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, მერაბ წკრიალაშვილი. 

დღეს სასამართლო ყველა დაყოფილ საქმეზე იმსჯელებს. ბოლო პროცესი 5 პირიან საქმეზე საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზეა ჩანიშნული. 

  • ცნობისთვის, თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ, ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის და ეროვნების მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას. აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების და ეროვნების მქონე პირთა გამოვლენის და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ. რიგ შემთხვევაში კი მსხვერპლებს პირად ნივთებს ართმევდნენ და თანხას სძალავდნენ.