ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა და ივანიშვილმა ,,მტკვარი ჰესი” უკან გამოისყიდა - ირაკლი აბესაძე

31.03.26 20:06
ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა და ივანიშვილმა ,,მტკვარი ჰესი” უკან გამოისყიდა - ირაკლი აბესაძე

"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე ელექტროენერგიის საფასურის გაზრდასა და ბიძინა ივანიშვილის მიერ “მტკვარი ჰესის” უკან გამოსყიდვას შორის პარალელებზე საუბრობს და წერს, რომ “ალბათ, უბრალო დამთხვევაა“, თუმცა, იმ დეტალებს უსვამს ხაზს, რომელი მისი თქმით, “ოცნების“ დამფუძნებელს უკვე გაზრდილ შემოსავალს მოუტანს.

მისი თქმით, “მტკვარი ჰესის” გაყიდვა და მერე უკან გამოსყიდვა “ძალიან ბევრ კითხვას აჩნეს ბუნდოვან ტრანზაქციებთან მიმართებით“.

აბესაძე დარწმუნებულია, რომ “გაზრდილი ელექტროენერგიის საფასური ახლა პირდაპირ პროპორციულად გაზრდის ივანიშვილის შემოსავლებსაც“.

ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა და ივანიშვილმა ,,მტკვარი ჰესი” უკან გამოისყიდა - უბრალო დამთხვევაა ალბათ, თუმცა გავიხსენოთ დეტალები ამ ჰესის შესახებ, რომელიც ივანიშვილს უკვე გაზრდილ შემოსავალს მოუტანს.

▪️ ,,მტკვარი ჰესი” ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა გაყიდა ან ,,გაყიდა” 2024 წლის 16 ივლისს; 
▪️ 2024 წლის 22 ივლისს ,,მტკვარი ჰესი” დაგირავდა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის საკუთრებაში არსებული შპს ,,მტკვარი ჰოლდინგის” სასარგებლოდ, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, მყიდველს ფასი არ ჰქონდა გადახდილი ბოლომდე; ეს გირავნობა დღემდე ძალაშია ანუ შესაძლებელია, რომ ნასყიდობის ფასი არასდროს გადაუხდია მყიდველს სს ,,ჰიდროჯენიუსს”;
▪️ მალევე, 2024 წლის 13 დეკემბერს ივანიშვილის შპს ,,ჯი სი ეფ პარტნიორებმა” (თანაინვესტირების ფონდი) საკრედიტო ხაზი გაუხსნა შემძენს და ახლა მის სასარგებლოდაც დაგირავდა ,,მტკვარი ჰესი” ( მაქსიმალური გირავნობის უზრუნველყოფის თანხა 110 მილიონი დოლარი) ანუ ფაქტობრივად ჰესის მშენებლობის დაფინანსებას ივანიშვილი აგრძელდებდა;
▪️2025 წლის 25 თებერვალს პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წაუყენა ,,მტკვარი ჰესის” მშენებლობისას თანხების გადახარჯვისთვის. პროკურატურის მტკიცებით ჰესის მშენებლობის ხარჯი 100 მილიონი დოლარით გაიზარდა. 
მართლა გაყიდა თუ მოჩვენებითად გადააფორმა?! თუ გაყიდა, თვითონ რატომ გამოყო სესხი ,,მტკვარი ჰესისთვის”?! რამე კავშირშია ბაჩიაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებებთან (ბაჩიაშვილი 2026 წლის 18 თებერვალს გათავისუფლდა პროკურატურასთან შეთანხმებით)?! ვინაა სს ,,ჰიდროჯენიუსის” რეალური მესაკუთრე?! და სხვა ბევრი კითხვა რჩება ივანიშვილის ბუნდოვან ტრანზაქციებთან მიმართებით, მხოლოდ დასკვნაა ნათელი: გაზრდილი ელექტროენერგიის საფასური ახლა პირდაპირ პროპორციულად გაზრდის ივანიშვილის შემოსავლებსაც, - წერს აბესაძე.