საქართველოში დღეიდან ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის რეალიზაცია აიკრძალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის რეალიზაცია აიკრძალა. შეზღუდვა ეხება პლასტმასისგან დამზადებულ ჩანგლებს, დანებს, კოვზებს, ჩხირებს, თეფშებს, საწრუპებს, სასმლის მოსარევებს, ასევე გაფართოებული პოლისტიროლის (EPS) კონტეინერებს, ჭიქებსა და მათ თავსახურებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება უკვე აკრძალული იყო 2026 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 1 აპრილიდან ძალაში შევიდა მათი რეალიზაციის აკრძალვაც.
ამასთან, ამოქმედდა დამატებითი რეგულაციაც — სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების შესყიდვა. გამონაკლისია თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებები.
„აღნიშნული რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, ხოლო განმეორებითი დარღვევა - 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმასა და პროდუქციის კონფისკაციას.
მნიშვნელოვანია, რომ რეგულაცია არ ვრცელდება პლასტმასის პროდუქციის ექსპორტზე. მწარმოებლები, რომლებიც პროდუქციას ექსპორტის მიზნით ამზადებენ, ვალდებულნი არიან, წარმოების დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობონ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარმოების დაწყებისა და დასრულების ვადების, დასამზადებელი პროდუქციის რაოდენობის, საექსპორტო ქვეყნების და ექსპორტის განხორციელების გრაფიკის შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.