განაჩენი ცნობილია - მინდია შერვაშიძეს და თორნიკე თოშხუას 1-1 წლით პატიმრობა შეეფარდათ
განაჩენი ცნობილია - მინდია შერვაშიძეს და თორნიკე თოშხუას 1-1 წლით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ელენე გოგუაძემ გამოაცხადა.
მოსამართლემ დასაბუთებაში თქვა, რომ იფიქრა და მაინც საპატიმრო სასჯელის გადაწყვეიტლება მიიღო.
თქვენ დამიკარგეთ შესაძლებლობა, მე, როგორც მოსამართლეს, თქვენ მიმართ დამენიშნა თუნდაც არასაპატიმრო სასჯელი. თუნდაც ვყოფილიყავი ლოიალური. ადამიანურად, სასჯელის დანიშვნისას გავითვალისწინე ძალიან ბევრი ფაქტორი და სასჯელი არაა მაქსიმალური, თუმცაღა არაა არასაპატიმრო - განაცხადა მოსამართლემ.
„სასამართლო ვერ და არ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას აუცილებელი მოგერიების ფარგლებთან დაკავშირებით და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სრულად წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალეულობას.
როგორც მოგეხსენებათ, საქმეში არსებული მუხლის თანახმად, სანქცია ითვალისწინებს როგორც საპატიმრო სასჯელს - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.
აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულთა პიროვნული მახასიათებლები. მართალია, ბრალდებულები არ არიან ნასამართლევები აქამდე სხვა არც ერთ საქმეში, ამავდროულად ითვალისწინებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადმინისტრაციულად სახდელდადებულობას, გაითვალისწინა ბრალდებულთა პოზიციები მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში.
ბატონებო, ჩვენ ერთად ძალიან კარგად გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები, ძირითადად, ის ვიდეომასალა, რომელსაც ჩვენ ერთად ვუყურეთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცით, რა მოხდა იქ და რა ვითარება იყო. როგორც მე, ასევე საზოგადოებამ დაინახა ის მასალები, რამაც ჩვენ აქ სასამართლოში მოგვიყვანა.
ასევე მინდა შევეხო დაცვის მხარის მტკიცებულებებს. მართალია, არც ერთ მოწმეს არ დაუდასტურებია, რომ თქვენ განახორციელეთ ძალადობა, თუმცაღა ვერც ერთი მოწმე ვერ უარყოფდა, რომ იყო შეხლა-შემოხლა... კოფლიქტურ მდგომარეობას არც ერთი მოწმე არ უარყოფდა.
არ შემიძლია, არ შევეხო დაზარალებულის პოზიციას. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ დაზარალებული ბექა გოცირიძე დავკითხეთ, როგორ მდგომარეობაში იყო ის. მისი პოზიცია თქვენ მიმართ იყო ძალიან ლოიალური, მოინანია კიდეც ის ქმედება, რომ თქვენ მიმართ იყო რადიკალურად განწყობილი და დაადასტურა კიდევაც.
დაზარალებულის პოზიცია ხშირ შემთხვევაში ვერ იქნება გადამწყვეტი სასამართლოსთვის, რა სახის სასჯელი უნდა დანიშნოს და სასამართლო იყოს თუ არა ლოიალური. ეს არის დაზარალებულის პოზიცია, აწგარდაცვლილი ბექა გოცირიძის პოზიცია, თუმცა სასამართლო ვერ იქნება შებოჭილი იმით, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს დაზარალებულის პოზიცია. მე, რა თქმა უნდა, გავითვალისწინე დაზარალებულის პოზიცია სასჯელის ნაწილში.
ამავდროულად მინდა, შევეხო უშუალოდ თქვენს მდგომარეობას სასამართლო პროცესზე. მე არ გამახსენდება არც ერთ პროცესზე ის, რომ თქვენი მხრიდან ყოფილიყო, ასე რომ ვთქვათ, არ მინდა, ისე გამომივიდეს, თქვენ აღიარებდით თუ არა დანაშაულს, ეს ბრალდებულის უფლებაა, თუმცაღა თვალნათლივ იყო ყველაფერი წარმოდგენილი ამ სასამართლო დარბაზში, რაზეც თქვენი პოზიცია აუცილებლად უნდა დაგეფიქსირებინათ. მე ამას ველოდებოდი.
თქვენ დამიკარგეთ შესაძლებლობა, მე, როგორც მოსამართლეს, თქვენ მიმართ დამენიშნა თუნდაც არასაპატიმრო სასჯელი. თუნდაც ვყოფილიყავი ლოიალური. ადამიანურად, სასჯელის დანიშვნისას გავითვალისწინე ძალიან ბევრი ფაქტორი და სასჯელი არაა მაქსიმალური, თუმცაღა არაა არასაპატიმრო“, - თქვა მოსამართლემ.
"ცეცხლი ოლიგარქიას", "გვიყვარხართ" - ეს შეძახილები ისმოდა უკვე მსჯავრდებულების მხრიდან განაჩენის გამოცხადების შემდეგ. სხდომის დასრულების შემდეგ "პირვლებთან" კომენტარი გააკეთა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ და თქვა, რომ დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
სასამართლომ განმარტება გააკეთა, ამ ეტაპზე ცხადია, რომ არ არსებობდა მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა საქმეზე, სადაც შეიძლებოდა განმამტყუნებელი გადაწყვეტილების დაყენება. სასამართლოს ზეპირსიტყვიერი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულება გამორიცხავდა აუცილებელ მოგერიებს და თავდაცვას, პირდაპირ ეწინააღმდეგება ვიდეომტკიცებულებისი შინაარსს, შესაბამისად, თუ წერილობით დასაბუთებაში იგივე არგუმენტაცია დარჩება, რომ მხოლოდ ვიდეომტკიცებულებას დაეყრდნო სასამართლო, ბუნებრივია, რომ კარგი იქნება და დასაბუთებული იქნება ჩვენი სააპელაციო საჩივარი
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ იმსჯელა წინაპირობებზე, რატომ განსაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და არა ჯარიმა, ან ნაკლები ვადით თავისუფლების აღკვეთა, მას არ უხსენებია, რომ მინდია შერვაშიძეს ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც ფინანსურად მასზე არიან დამოკიდებული, მას არ უხსენებია, რომ ამ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, რომელიც მთლიანად მინდიას პასუხისმგებლობა იყო, მოსამართლეს არ უხსენებია, რომ თორნიკე თოშხუა უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის მთავარი აუდიტორი იყო, არც ერთი მათგანი ნასამართლევი არ ყოფილა, არ უხსენებია, რომ პირველივე დღიდან გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ, იკითხებოდნენ და არასდროს გამოუჩენიათ ანტისოციალური მოქმედება",- განაცხადა ფურცელაძემ.
რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს?
ორივე დაკავებულს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სცემეს.
ვინ არის ბექა გოცირიძე?
დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც.
აქტივისტების თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. სოციალურ ქსელში არის ვიდეო-მასალებიც, სადაც ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს აგინებს.
ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე 8 თებერვალს გარდაიცვალა.