ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონზე მომზადებულ საჩივარს იუსტიციის სამინისტროში პასუხობენ

01.04.26 13:40
ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონზე მომზადებულ საჩივარს იუსტიციის სამინისტროში პასუხობენ

ე.წ. "აგენტების" შესახებ მომზადებულ საჩივარს იუსტიციის სამინისტროში პასუხობენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოსგან არ მიუღიათ ინფორმაცია ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონის მოქმედების დროებით შეჩერებაზე, რაც, მისი თქმით, მიუთითებს, რომ ან შესაბამისი მოთხოვნა არ დაყენებულა, ან არ დაკმაყოფილდა. მისი განმარტებით, სასამართლო საქმე ამ ეტაპზე განიხილავს როგორც დასაშვებობის, ისე არსებით ნაწილს და არ არის გამორიცხული, სარჩელი დაუშვებლადაც გამოცხადდეს. 

იმის მიუხედავად, რომ მომჩივნები ეროვნულ დონეზესაკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ითხოვდნენ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამმოყენებას კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე, სტრასბურგის სასამართლოდან ამგვარი ინფორმაცია არ შემოსულა სახელმწიჭო, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ევროპული სასამართლოს წინაშე ან არ მოუთხოვიათ კანონის მოქმედების შეჩერება, ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი განცხადებები, თითქოს რაღაც მყისიერად , გადაუდებლად ხდება მათი უფლებების შეზღუდვა, არ შეესაბამება სიმართლეს, სხვა შემთხვევაში, მათ აუცილებლად უნდა მოეთხოვათ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ შეკითხვები დაუსვა ორივე მხარეს - როგორც სახელმწიფოს, ასევე მომჩივანს. მათ შორის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქმე განიხილება როგორც დასაშვებობის ეტაპზე, ასევე არსებით ნაწილზე ანუ ევროპულმა სასამართლომ მათ შორის კითხვა დასვა, საერთოდ, რამდენად შეიძლება, მომჩივნები ჩაითვალონ მსხვერპლებად. შეიძლება, საერთოდ, ამ განხილვის შემდეგ დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს. ამდენად, ეს განხილვის ეტაპი, საზოგადოებისთვის რომ ცნობილი იყოს, შეეხება როგორც დასაშვებობბის ნაწილს, ასევე არსებით ნაწილს.

ასევე, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ საქმეს მიენიჭა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი. თითქოს ისე იყო წარმოჩენილი ეს საკითხი, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს ამ საჩივარს, - თქვა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონთან დაკავშირებული საქმის განხილვა დაიწყო, რომელიც ორგანიზაციამ გასულ წელს გაასაჩივრა — ამის შესახებ საიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.

ორგანიზაციის განმარტებით, სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო და შესაძლოა მას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭოს, რაც მის პრიორიტეტულ განხილვას გულისხმობს.

ამასთან, საიაში აღნიშნავენ, რომ სარჩელი შეეხება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების, დისკრიმინაციის აკრძალვისა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლების შესაძლო დარღვევებს.