მტკვარი ჰესი, ტარიფები და ინტერესები - ექსპერტები პროცესებს ივანიშვილსა და ბიზნეს ჯგუფებს უკავშირებენ
ექსპერტები მტკვარი ჰესის გასხვისებისა და დაფინანსების სქემის გაუმჭვირვალობაზე საუბრობენ და ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს უკავშირებენ.
მტკვარი ჰესის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო როლსა და ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე.
თავის დროზე, როდესაც ივანიშვილმა ეს ჰესი გაასხვისა, მყიდველის რეალური ვინააობაც გაურკვეველია, გაურკვეველია, რა წარმომავლობის თანხებით გაგრძელდა მტკვარი-ჰესის მშენებლობა. ერთ-ერთი წყარო ვლავაც ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი იყო, რომელმაც სესხი გამოუყო. მტკვარი ჰესი უკვე ჩართულია და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას ანუ უკვე გამოიმუშავებს ფულს ივანიშვილისთვის. ივანიშვილს არასდროს ღალატობს ალღო, როგორ იშოვოს ფული საკუთარ მოსახლეობაზე. არც ის გაგვიკვირდეს, რომ რომელიმე სხვა მსხვილ ჰესში მოგვევლინოს ივანიშვილი ინვესტორად და ახლა მან დაიწყოს მსხვილი ჰესების განვითარება, - ამბობს "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ.
ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე ცვლილებებსა და ტარიფების ზრდის პროცესში ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული ბიზნეს ინტერესების გავლენაზე საუბრობს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი.
ენერგეტიკაზე ფასების ზრდა უნდა დავუკავშიროთ "ქართული ოცნების" მცდელობას, მოიზიდოს საქართველოში უცხოელი ინვესტორები. მეორე საკითხი ეება უკვე ადგილობრივ ენერგეტიკაში ინვესტირება განხორციელებულ ბიზნესმენებს. დიდწილად ესენი არიან ან პირდაპირი დონორები "ქართული ოცნების" ანუ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ბიზნესჯგუფები, ან უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი. ის ფაქტი, რომ ის დღეს იბრუნებს მტკვარი ჰესს, არის აი, ტორტზე რომ ალუბალია, დაახლოებით ასე დაგვირგვინება ამ პროცესის, რომ მაღალი ალბათობით, მთავარი ლობისტი დენის გაძვირების პროცესის არის მსხვილი ბიზნესი და არის უშუალოდ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
ბიძინა ივანიშვილმა გასხვისებული მტკვარი ჰესი უკან გამოისყიდა — პროექტი, რომელიც უკვე ამუშავდა და 2025 წელს ენერგოსისტემას 213 მილიონ კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგია მიაწოდა.