ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - სასამართლოში გელა უძილაური იკითხება
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცალკე წარმოებად გამოყოფილ პროცესზე მსჯავრდებული გელა უძიალაური იკითხება.
როგორც სასამართლოდან "პირველების" კორესპოდენტი იტყობინება, გელა უძილაური ყვება იმავეს, რასაც მანამდე ამტკიცებდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დროს პირადი მოტივი ამოძრავებდა და ეს იყო შურისძიება. ის ძმებ მიქაძეებთან რაიმე კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ მათ არც კი იცნობს.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე დაცვის მხარე ვარაუდობდა, რომ გელა უძილაური იტყოდა, რომ ანგარებით, ან ვინმეს მხრიდან შეკვეთით მკვლელობას ადგილი არ ჰქონია.
ვვარაუდობთ, რომ ამ პროცესზეც მობრძანდება და იტყვის რეალურად რა იყო მკვლელობის მოტივი და რაიმე შეხება ანგარებით, ან შეკვეთით ჩადენილ მკვლელობასთან ჰქონდათ თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. ვარაუდია, ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ მან ორ პროცესზე თქვა, რომ პირადი მოტივით განახორციელა მკვლელობა, ვარაუდია, რომ იგივეს დაადასტურებს და იტყვის, რომ აქ ანგარებით მკვლელობას, ან შეკვეთით ვინმეს მხრიდან მკვლელობას არ ჰქონია [ადგილი]. აქამდე გამოკვლეული მასალებით რაიმე შემხებლობა მიქაძეები გელა უძილაურთან, არ დასტურდება. დარწმუნებული ვარ, ბატონი გელა უძილაურიც იგივეს დაადასტურებს ამ საკითხთან მიმართებაში," - ამბობს ადვოკატი.
პროკურორი, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მათ მოლოდინი არ აქვთ, რომ გელა უძილაური რაიმე სიმართლეს იტყვის სასამართლო დარბაზში.
მოლოდინი იმისა, რომ გელა უძილაური, დღეს, რაიმე სიმართლესთან ახლოს მყოფ ინფორმაციას გააჟღერებს, არ გვაქვს. მთელი ამ პროცესების განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ გელა უძილაური დაიკითხა მის პროცესზე, დაიკითხა გიორგი კაჭკაჭაშვილის და მამუკა ბაღდავაძის პროცესზე და რაიმე სიმართლე, რაც თუნდაც რომელიმე ფაქტთან დაკავშირებით სიმართლეს შეესაბამებოდა, მსგავსი არ განუცხადებია.
როდესაც პირველ აპრილს იკითხება სასამართლო პროცესზე დაცვის ინიციატივით, არ გვაქვს არანაირი მოლოდინი, რომ ის რაიმე სიმართლესთან ახლოს ინფორმაციას გააჟღერებს.
დაიკითხა ოპერატიული ინფორმაციის ავტორი, რომელმაც დაადასტურა, რომ გელა უძილაურს ჯოხაძეების და მიქაძეების მხრიდან აქვს გარკვეული გარანტიები, ჰქონდა ყოველ შემთხვევაში, რომ მას მალე გამოიყვანდნენ პენიტენციური დაწესებულებიდან," - განაცხადა პროკურორმა.
[ცნობისთვის, ადვოკატისა და პროკურორის კომენტარები სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჩაიწერა.]
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.