379 ათასზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველთა სიაში - რა პასუხი აქვს "ოცნებას"
„ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ყოველდღიურად ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასა და „აყვავებულ ეკონომიკაზე“ საუბრობენ, დღეს დუმან და ვერ განმარტავენ, რატომ იზრდება ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 400 ათასი სოციალურად დაუცველი ბავშვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასობით ათასი მოზარდი სოციალური დახმარების გარეშე სიღარიბისა და შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებოდა. ამ ფონზე ჩნდება კითხვა — ვისზე აისახება ის ეკონომიკური ზრდა, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს.
სახალხო დამცველის 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. მხოლოდ გასულ წელს აღნიშნულ ბაზას დამატებით 23 ათასი ბავშვი დაემატა. მმართველ გუნდში კი ვარაუდობენ, რომ სტატისტიკა შესაძლოა სრულად რეალობას არ ასახავდეს და სიაში ისეთი ბენეფიციარებიც არიან, რომელთაც დახმარება რეალურად არ სჭირდებათ.
დღეს პარლამენტში მმართველ გუნდს ასევე შეახსენეს ის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც კორუფციულ საქმეებზე არიან გასამართლებული. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ეკონომიკურ პოლიტიკას საკუთარ ინტერესებს არგებს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
ოპოზიცია ასევე მიუთითებს, რომ პროდუქტებზე ფასების დროებითი შემცირება, მათ შორის კვერცხზე, შესაძლოა არ იყოს მდგრადი და უახლოეს პერიოდში ფასების ხელახალი ზრდა არ გამოირიცხოს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.