ორი დღე სინოდის სხდომამდე - ვინ შეძლებს პატრიარქობის არჩევნებში მონაწილეობას

01.04.26 20:21
ორი დღე სინოდის სხდომამდე - ვინ შეძლებს პატრიარქობის არჩევნებში მონაწილეობას

ახალი პატრიარქის ასარჩევად სამზადისს წმინდა სინოდი პარასკევს დაიწყებს — ეპისკოპოსების შეხვედრა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

თუმცა, 3 აპრილის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატები არ დასახელდება. წმინდა სინოდის წევრები პირველ ეტაპზე ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების ჩანაწერებს დააზუსტებენ, რის საფუძველზეც განისაზღვრება, ვინ შეძლებს კანდიდატად წარდგენას.

პარასკევს გახდება ცნობილი ძირითადი კრიტერიუმები, მათ შორის — შეძლებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ეპისკოპოსი, რომელიც უკვე 70 წლისაა. არ არის გამორიცხული, რომ სინოდმა საეკლესიო დებულებაში ასაკისა და განათლების შესახებ ჩანაწერები შეცვალოს.

ამჟამად მოქმედი, 1995 წელს მიღებული დებულების მიხედვით, პატრიარქობის კანდიდატი შეიძლება იყოს მიტროპოლიტი, რომელსაც აქვს უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება, მმართველობის გამოცდილება და ასაკით 40-დან 70 წლამდეა.

აღნიშნული კრიტერიუმები შესაძლოა რამდენიმე მღვდელმთავრისთვის შემაფერხებელი აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ შენარჩუნდება მოთხოვნა უმაღლეს საღვთისმეტყველო განათლებაზე, პროცესს შესაძლოა გამოეთიშოს ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სინოდი დაადგენს, რომ 70 წელს გადაცილებულ პირს კენჭისყრაში მონაწილეობა არ შეუძლია, კანდიდატურას ვეღარ დააყენებს საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.