სად მიჰყავთ მიუსაფარი ძაღლები? - მოქალაქეები ახალ წესებს აპროტესტებენ
ზუგდიდში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებსა და ცხოველთა უფლებადამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა — ადგილზე მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ქუჩებიდან გაუჩინარებული მიუსაფარი ძაღლების ბედი გაურკვეველია.
ვიდეოკადრებში ჩანს დაძაბული ვითარება, რომელიც მას შემდეგ განვითარდა, რაც ადგილობრივებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ მიკედლებული ძაღლები სტერილიზაციისა და აცრების ნაცვლად სხვა დანიშნულებით გადაჰყავთ. ზუგდიდში უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ გაუჩინარებულ ცხოველებს, რომლებიც უკან აღარ დაბრუნებულან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიუსაფარი ცხოველების მასობრივი გადაყვანა ახალი დადგენილების ამოქმედების შემდეგ დაიწყეს. რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ძაღლების დაბრუნება დასახლებულ პუნქტებთან, საჯარო დაწესებულებებსა და კვების ობიექტებთან. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა პროტესტის მთავარი მიზეზი — უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ცვლილება ცხოველებს საფრთხის წინაშე აყენებს.
პარალელურად, სოციალურ ქსელებში გავრცელდა მძიმე კადრები გორიდან, სადაც ადგილობრივი თავშესაფრის ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეო მასალა სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ერთ-ერთი მოხალისე აცხადებს, რომ ღამის საათებში კრემატორიუმიდან ამოსულ შავ კვამლთან ერთად ძაღლების ყეფა ისმოდა და ტერიტორიაზე მძაფრი სუნი იდგა.
მომხდარს საზოგადოების ნაწილის მწვავე რეაქცია მოჰყვა — მოქალაქეები ითხოვენ დადგენილების გადახედვას და მიუსაფარი ცხოველების დაცვის მექანიზმების გამკაცრებას.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.