სტრასბურგის გადაწყვეტილება: არასრულწლოვანზე ძალადობის საქმე საქართველოში არასათანადოდ გამოიძიეს

01.04.26 21:24
სტრასბურგის გადაწყვეტილება: არასრულწლოვანზე ძალადობის საქმე საქართველოში არასათანადოდ გამოიძიეს

მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის საქმეზე საქართველომ ევროსასამართლოში დავა წააგო — სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წამებისა და პირადი ცხოვრების მუხლების დარღვევა დაადგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა. საქმე საქართველოში ამ ტიპის ერთ-ერთ პირველ პრეცედენტად სახელდება.

საქმის მასალების მიხედვით, მომჩივანი, რომელიც 2021 წელს 16 წლის იყო, აცხადებდა, რომ მამინაცვალი მასზე სექსუალურად 13 წლის ასაკიდან ძალადობდა. საქმეში წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, მათ შორის დამოუკიდებელი მოწმეების ჩვენებები და ფსიქოლოგიური შეფასება, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანს ფაქტების გაზვიადებისკენ მიდრეკილება არ ახასიათებდა. მიუხედავად ამისა, 2021 წლის ივლისის შემდეგ გამოძიება არსებითად წი არ წასულა.

ევროსასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სახელმწიფომ არ უზრუნველყო სერიოზული ბრალდებების ეფექტიანი გამოძიება. სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა გამოძიების არასაკმარისობას უკავშირდებოდა.

გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ გამოძიების პროცესში ადგილი ჰქონდა არასათანადო მიდგომებსაც — მათ შორის, დაკითხვისას დასმულ დისკრიმინაციულ კითხვებსა და გინეკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნას, რომლის აუცილებლობაც არ იყო დასაბუთებული.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.