მიუსაფარი ცხოველების შესაძლო წამება - უფლებადამცველები პროკურატურას მიმართავენ
მიუსაფარი ცხოველების შესაძლო წამების ფაქტებზე გავრცელებული კადრებისა და ინფორმაციის შემდეგ, უფლებადამცველები პროკურატურას განცხადებით მიმართავენ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
ადვოკატების შეფასებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები საფუძველს იძლევა, რომ საგამოძიებო უწყებამ აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს და შესაძლო დანაშაულის გარემოებები შეისწავლოს.
ამასთან, უკვე რამდენიმე დღეა მოქალაქეები ქუჩებში დაკარგულ ძაღლებს ეძებენ. გავრცელებულია ეჭვი, რომ მიუსაფარ ცხოველებს უკონტროლოდ აძინებენ, თუმცა უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ საქმე შესაძლოა უფრო მძიმე დანაშაულებსაც ეხებოდეს.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით არაერთი უპასუხო კითხვა რჩება, ხოლო სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ეჭვებს აძლიერებს.
როდესაც გამოიძახეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რატომ არ მივიდნენ ადგილზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ მისულიყვნენ. მეორე - აღნიშნულ ტერიტორიაზე არის მრავლობითი კამერა. რატომ არ არის ეს კამერები ამოღებული და რატომ არ არის გასაჯაროებული. როდესაც მოქალაქე საუბრობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიყვანეს ძაღლები და ამის შემდეგ ამოვიდა ჯოჯხეთური კვამლი, რატომ არ არის ამ კითხვაზე პასუხი გაცემული, თუ შეიყვანეს ძაღლები, რატომ არ ვიცით სად არიან ეს ძაღლები? რატომ არ არიან ის მოქალაქეები გამოკითხულები, რომლებიც ამ ყველაფერზე საუბრობენ?
ჩვენ არ გვჯერა სურსათის ეროვნული სააგენტოს უემოციო განცხადებების. ამიტომ ეს ქმედებები, შეიძლება, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულს, ამიტომაც მყისიერად უნდა დაიწყოს გამოძიება, - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
აღნიშნული ფაქტების გასაპროტესტებლად, ცხოველთა უფლებების დამცველები დღეს თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე შეკრებას გეგმავენ.
შინაურ ცხოველებზე კანონი ძალაში 2026 წლიდან შევიდა, თუმცა ჯერ კიდევ გასული წლიდან ამოქმედდა საპილოტე პროგრამა დასავლეთ საქართველოში და ამ პროგრამის ფარგლებში, როგორც უფლებამდაცველები აცხადებენ, გაჩნდა უამრავი კითხვა იმის თაობაზე, სად ქრებოდნენ ქუჩიდან გატაცებული ძაღლები რეალურად.