სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს

02.04.26 13:37
სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებზე ახალ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, პროცესი მიმდინარეობს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კახეთში, იმერეთსა და ზუგდიდში, სადაც ასობით ცხოველი უკვე აიყვანეს და შესაბამისი ვეტერინარული პროცედურები ჩაუტარდათ.

სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზანი მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ჰუმანური გზით კონტროლი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მათი განმარტებით, პროცედურების დასრულების შემდეგ ცხოველები ეტაპობრივად უბრუნდებიან ბუნებრივ არეალს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 10 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში, კახეთის, იმერეთის რეგიონებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აყვანილია 502 ძაღლი (კახეთი - 423, იმერეთი - 22, ზუგდიდი - 57).

მათივე ცნობით, ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი ვეტერინარული მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია რეგისტრაცია, დიაგნოსტიკური კვლევები. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, 435 ძაღლი უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველების დაბრუნება კი ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება.

„ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 პირველ აპრილს დაბრუნდა ქალაქ ზუგდიდში, 12 მათგანს, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი პროცედურები, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ეკიპაჟები, ქ. ზუგდიდში დღეს დააბრუნებენ. თავშესაფარში კვლავ რჩებიან ძაღლები, რომელთა მანიპულაციებს და რეაბილიტაციას მეტი დრო სჭირდება. ყველა საჭირო პროცედურის დასრულებისთანავე, ისინიც ანალოგიურად დაბრუნდებიან ზუგდიდში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.