ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო გარიგების მოლოდინში - ჯარის ძარცვის საქმე დასკვნით ეტაპზეა

02.04.26 13:43
ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო გარიგების მოლოდინში - ჯარის ძარცვის საქმე დასკვნით ეტაპზეა

ჯარის ძარცვის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა - შემდეგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 8 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება, პროკურორი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ასევე საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც. ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. 

ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო გარიგებას ითხოვს - შესაბამისი განცხადება პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ შეიტანა მისმა უფლებადამცველმა. საპროცესოს ითხოვს ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძეც.

საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის თქმით, მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ელოდებიან თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატის მიმართვასაც საპროცესოს გაფორმებასთან დაკავშირებით. ის რომ ღუდუშაურს საპროცესო სურს, ამის შესახებ დღეს მედიასთან ისაუბრა მისმა ადვოკატმაც. 

გაუფორმდებათ თუ არა ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს საპროცესო გარიგება, ამაზე საპასუხოდ, პროკურორი ამბობს, რომ ეს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე გადაწყდება. 

გუშინ დამეწერა ეს განცხადებები, ვასილ მხეიძის და ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატების. დღეის მდგომარეობით რაიმე გადაწყვეტილი არ არის, შეთანხმება მიღწეული არ არის. როგორც ჩემთვის ცნობილია, ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატიც უახლოეს დღეებში მოგვმართავს, დღეის მდგომარეობით რაიმე შეთანხმება საპროცესო მდგომარეობასთან დაკავშირებით არ გვაქვს. 

ვერნაირ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ, რომ მსგავსი განხილვა ფიზიკურად არ ყოფილა. ამას წერს გაცნხადებაში, რომ მზად არის აღიაროს, აანაზღაუროს ზიანი და გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება 

ყველანაირი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, შეუძლია ბრალდების მხარეს არ გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება მხარეს. ამას კონკრეტული მიზეზი არ სჭირდება. ბრალდების მხარის პრეროგატივაა, ან ვაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას, ან არა. ეს ვერ იქნება დამოკიდებული ვერანაირ მოტივზე და მიზანზე, ეს დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე", - განაცხადა ანი ლეკიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.