"პატიმრობას პირობითი მსჯავრი სჯობს" - ვლადიმერ ღუდუშაური პროკურატურას საპროცესოს გაფორმების თხოვნით მიმართავს
ჯარის ძარცვის საქმე - თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატი ამბობს, რომ საპროცესოს გაფორმების თხოვნით პროკურატურას 8 აპრილს პროკურორის საბოლოო სიტყვსი წარმოთქვამდე მიმართავს.
დღეს გაცხადდა, რომ 8 აპრილს პროკურორი იტყვის დასკვნით სიტყვას. დასკვნითი სიტყვის წარმოთქვამდე ჩვენ ღუდუშაურთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმების თაობაზე მივმართავთ პროკურატურას. ჩვენი პირობა ალბათ იქნება პირობით მსჯავრზე მოთხოვნა. ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კონსულტაციასაც გავივლი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, თუმცა ზიანზე, როგორც გამოიკვეთა საქმის განხილვისას, უშუალოდ ღუდუშაურის მხრიდან რაიმე ზიანი არ არის მიყენებული. პატიმრობას ჯობია, რომ ადამიანს პირობითი მსჯავრი ჰქონდეს. მისთვის საუკეთესოა. პროკურატურის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი მოთხოვნაა საპროცესოთი დავასრულოთ და პირობითი მსჯავრი იყოს", - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.