"სისხლისსამართლებრივი დევნა, დღემდე, არცერთი სამართალდამცავის მიმართ არ დაწყებულა" - სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიში
საქართველოს სახალხო დამცველი 2025 წლის ანგარიშში საპროტესტო აქციებზე განხორციელებულ არასათანადო მოპყრობისა და სხვა უფლებადარღვევის ფაქტებზე მიუთითებს.
ანაგარიშში აღნიშნულია, რომ აქციების კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა, დღემდე, არცერთი სამართალდამცავის მიმართ არ დაწყებულა. მათ შორის არც იმ "იმ ორ ეპიზოდზე, სადაც მოძალადე პოლიციელებს სახეები დაფარული არ ჰქონდათ".
რა წერია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში?
2025 წლის აქციებზე დაკავებული პირების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა:
სახალხო დამცველის აპარატი 2025 წელსაც აქტიურად ახორციელებდა საპროტესტო აქციების მონიტორინგს და უფლებადარღვევებზე რეაგირებას. დღეის მდგომარეობით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონახულებული ჰყავთ აქციებზე დაკავებული ჯამში, 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 დაკავებული, დაზიანებები აღენიშნებოდა 194 პირს. მონახულებულ დაკავებულთაგან 49 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო.
2025 წლის 1-ელ მარტამდე მდგომარეობით, საპროტესტო აქციების მონიტორინგისას გამოვლენილი უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაცია ასახულია სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში.
2025 წლის 1-ელი მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში/პენიტენციურ დაწესებულებებში მოინახულეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 35 პირი (26,7 %). დაზიანებები აღენიშნებოდა 17 დაკავებულს. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, 2024 წელთან შედარებით, აქტივისტთა დაკავებებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების რაოდენობა შემცირებულია, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული აქციების მასშტაბურობის შემცირებასთან.
ამის მიუხედავად, არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა მის მიმართ არასათანადო, მათ შორის, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაკავებულები საუბრობდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მიმართვის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ხელბორკილის ზედმეტად მოჭერის, რამდენიმე საათის განმავლობაში, ზურგს უკან ხელბორკილდადებული ყოფნის ფაქტებზე. დაკავებულები იხსენებდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უხეში, არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებსაც. გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა, არაერთი დაკავებული მიუთითებდა არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობაზე.
ასევე, დაკავებულების განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში სრულად გააშიშვლეს და ე. წ. ბუქნები გააკეთებინეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, მათ მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საკითხის შესწავლის მოთხოვნით მიმართა 27-მა დაკავებულმა, სახალხო დამცველის აპარატმა, თავის მხრივ, რეაგირების მიზნით, მიმართა საგამოძიებო უწყებას.
აპარატში წარმოდგენილი ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 10 დაკავებულის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ დაწყებულა 7 დაკავებულის შემთხვევაში.
საპროტესტო აქციებზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და სხვა უფლებადარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებები და მათი შედეგები:
სამწუხაროდ, 2024 წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა, დღემდე, არცერთი სამართალდამცავის მიმართ არ დაწყებულა. დევნა არ დაწყებულა იმ ორ ეპიზოდზეც კი, სადაც მოძალადე პოლიციელებს სახეები დაფარული არ ჰქონდათ.280 ასევე, სხვა უფლებადარღვევებზე მიმდინარე საქმეთა დიდ ნაწილზე გამოძიება უშედეგოდ, კონკრეტული პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის გარეშე, გრძელდება," - წერია ანგარიშში.