კომპანია და გამგეობა ერთად პარავს ფულს სოციალურად დაუცველებს - ბესო დონაძე
პირველი აღიარება არის ის, რომ სოციალურად დაუცველებს საჭმელს პარავენ, ყიდიან და ამ ფულს იდებენ ჯიბეში - ასე ეხმაურება კორუფციის მკვლევარი და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ბესო დონაძე სუს-ის მიერ გაშიფრულ სქემას, რომლის მიხედვითაც უფასო სასადილოებიდან მილიონებს იპარავდნენ.
დონაძე ამბობს რომ ამაში დამნაშავეა როგორც კომპანია, ასევე გამგეობები, რადგან სწორედ გამგეობამ უნდა აკონტროლოს ეს ყველაფერი.
ამაში, რა თქმა უნდა, დამნაშავეა როგორც კომპანია, ასევე გამგეობები. დღესაც ახლა, რიგში "ფორთოჩკიდან" არიგებენ უფასო სასადილოებში უხარისხო პროდუქტებს. ბენეფიციარი, რომელიც არ მივიდა ან ცუდად იყო, ან ვერ შეძლო და საჭმელი არ წაიღო, ან იქ ვერ მიირთვა, ამ საჭმელს იპარავენ. გამგეობა დასასჯელია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უნდა აკონტროლოს და რადგან არ აკონტროლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან გარიგებაში არის შესული. ეს არის კომპანია, რომელიც უკვე თითქმის 5 წლის განმავლობაში სტანდარტულად ერთ თეთრსაც არ აკლებს ისე იგებს ტენდერებს და ეს იმას ნიშნავს, რომ კარტერული გარიგება არის. ლარი და 70, რომელიც ძლივს გაიმეტა კალაძემ სოციალურად დაუცველებისთვის, იქაც რომ არ დააკლდეს,რ ადგან ამ ლარი და 70-ში ერთი ლარი 10 თეთრი გამოდის საკვები, ისიც ამ დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე ლარი და 10 თეთრიც არ არის. ანუ საგანგაშო მდგომარეობაა. ანუ სოციალურად დაუცველებს - ყველაზე გაჭირვებულ ფენას კომპანია და გამგეობა ერთად პარავს ფულს", - ამბობს ბესო დონაძე.
სუს-ი ამბობს, რომ მოპარულია უფასო სასადილოებში გაჭირვებული ბენეფიციარების კვებისთვის გამოყოფილი მილიონები - დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და ერთი თანამშრომელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.
- შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.
სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.
კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.