"ჩემი პირადი ამოცანა იყო, დამტკიცებულიყო, რომ ჩვენ არ ვართ "აკაცუკები" - მურთაზ ზოდელავა
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე მურთაზ ზოდელავა გამოკითხა.
დაკავებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა დაცვის მხარის შეკითხვებს უპასუხა.
კითხვაზე იყო თუ არა [4 ოქტომბერს] რაიმე ტიპის ძალადობრივ, აქტიურ ქმედებებთან დაკავშირებით გეგმა, მომზადება, როლების განაწილება... ასეთი რამე თუ არსებობდა საერთოდ? - მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ დიდი შეკრების დროს ორგანიზებულობის ხარისხი ფაქტობრივად არ არსებობდა და არანაირი როლების გადანაწილება არ ყოფილა.
მურთაზ ზოდელავა: - სპონტანურობის ხარისხი იყო მაღალი, ორგანიზებულობის ხარისხი ფაქტობრივად არ არსებობდა. არანაირი როლების განაწილება, ცხადია... კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ - იყო ერთი დიდი შეკითხვა მთელ საქართველოში: პროტესტის საზოგადოება და ოპოზიციური საზოგადოება "აკაცუკები" არიან თუ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ამ თვალსაზრისით მამაკაცები არიან თუ არა.
ჩემი პირადი ამოცანა იყო დამტკიცებულიყო, პროტესტის საზოგადოება არის თუ არა "აკაცუკი". რა გვაჩვენა 4-მა ოქტომბერმა, ეს სხვა საკითხია. ჩემი პირადი მოტივაცია აბსოლუტურად ეს იყო… ქალი წინა ხაზზე, კონფრონტაციის წინა ხაზზე და მამაკაცი ზურგში იყო საშინლად შეურაცხმყოფელი ჩემთვის და მეორე მოტივაცია და ამბავი იყო - "აკაკუცუკები" ვართ თუ არა... იმიტომ, რომ ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ამას ამტკიცებს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ხალხი, კაციც და ქალიც, ვართ რაღაცა უხერხემლო ხალხი. ნებისმიერ საზოგადოებას სჭირდება ამის მტკიცება, როდესაც მას აკნინებ... არ ვართ "აკაცუკები", მე ეს დავამტკიცე იმ დღეს".
ადვოკატი: - რომ შევაჯამოთ, ამ აქციის მიზანი იყო რიხის ჩვენება და არა რაიმე ტიპის ძალადობრივი ქმედება?
მურთაზ ზოდელავა: - ჩემი პირადი ამოცანა იყო, დამტკიცებულიყო, რომ ჩვენ არ ვართ „აკაცუკები“. არასდროს ვყოფილვართ და არც არასდროს იქნება ოპოზიციური საზოგადოება.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.