დაკავებულია 7 პირი, რომლებმაც დაზარალებულები მძევლად აიყვანეს, გაიტაცეს, იარაღით ემუქრებოდნენ, წაართვეს ფული და ტექნიკა

03.04.26 10:38
დაკავებულია 7 პირი, რომლებმაც დაზარალებულები მძევლად აიყვანეს, გაიტაცეს, იარაღით ემუქრებოდნენ, წაართვეს ფული და ტექნიკა

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანის და ყაჩაღობის ბრალდებით შვიდი ქართველი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მძიმე დანაშაულში მხილებულმა კაცებმა მოტყუებით შეძლეს დაზარალებულების სახლში შეღწევა, მათ უთხრეს რომ ბუნებრივი აირის შესამოწმებლად იყვნენ და იარაღის მუქარით ფული, მობილურები და კომპიუტერი გამოსძალეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ფსიქოლოგიური ტერორი რამდენიმე საათის განმავლობაში მიდიოდა. ყაჩაღობაში მხილებული პირები რუსეთის მოქალაქეებისგან 300 ათას დოლარს ითხოვდნენ, შემდეგ კი დაზარალებულები მანქანებში ჩასვეს და მარნეულისკენ გაიტაცეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, მოტყუებით, ბინაში გაზის გაჟონვის შესამოწმებლად გვიან ღამით მივიდნენ. ბრალდებულებმა, ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს წაართვეს თანხა 2 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მობილური ტელეფონები და ლეპტოპი, რის შემდეგაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ დამატებით 300 000 აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. რამდენიმე საათის შემდეგ, დაზარალებულები იარაღის მუქარით სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასვეს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანეს. 

სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შვიდივე პირი ბრალდებულის სახით მარნეულში და გორში დააკავეს. 

ხოლო, დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე და 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ანგარებით, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას, მძევლად ხელში ჩაგდებასა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით განხორციელებულ ყაჩაღობას გულისხმობს და 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.