"მონებო"; "რუსებო" - კობახიძის მემორიალთან მისვლას პროტესტი მოჰყვა
"მონებო", "რუსებო", "სირცხვილი"- "ქართული ოცნების" წევრების რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მისვლას პროტესტი მოჰყვა.
ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მიხეილ ყაველაშვილისა და სხვა "ოცნების" წევრების მემორიალთან მისვლამდე პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით განარიდა ტერიტორიას და ადგილზე საპატიო ყარაული ჩააყენა.
"ქართული ოცნების" ლიდერებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მემორიალთან ჯერ არ გამოჩენილა ქართული ოცნების ლიდერი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე - 9 აპრილის მემორიალთან ერთად მივიდნენ:
- ირაკლი კობახიძე; მიხეილ ყაველაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მაკა ბოჭორიშვილი; ირაკლი ჩიქოვანი; დავით სონღულაშვილი; თეა ახვლედიანი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა "პირველებთან" ამბობს, რომ მას სურდა, მისი შვილის ლექტორისთვის, ირაკლი კობახიძისთვის კითხვა დაესვა, რატომ გამოკეტეს პროევროპული კურსის დამცველები ციხეებში.
მოიყვანა მთელი საქართველოს ჯარი, პოლიცია. სირცხვილი პრემიერს, მშიშარა, მშობლებს ვერ გაუწია წინააღმდეგობა. პაპუაშვილს ვეძახი ცეცხლაძის დედა ვარ-თქო და [გვერდით] ვერ გამოიხედა. სირცხვილი მთავრობას, რომ რამდენიმე მშობელს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
სირცხვილი კობახიძეს. კეთილი ინებე, დაგვიჯექი მშობლებს და გვესაუბრე, თუ მართალი და მაგარი კაცია.
დიახ, ჩემი შვილის ლექტორი [იყო კობახიძე] და [ზვიადმა] რომ უთხრა დაგიმტკიცებ ეს რუსული კანონი რა მავნებლურია და ჩვენ ქვეყანას როგორ ჭაობში წაათრევსო, ტიტუშკები დაახვედრა და ლექციებზე არ უშვებდა. ასეთი არასწორია კობახიძე," - განაცხადა სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედამ.
პოლიცია მოქალაქეებს მემორიალთან მიახლოების საშუალებას კვლავ არ აძლევს.
ცნობისთვის, სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებმა და სხვა მოქალაქეებმა ღამე პარლამენტის წინ გაათენეს.
ფოტო: ლევან ზაზაძე