გამოცხადდება თუ არა "ფაიფურას" წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა - სასამართლოში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 14 პირის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 14 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდებულებს შორისაა საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ჭიათურელი კრიმინალური ავტორიტეტი ზაზა ფარქოსაძე [იგივე "ფაუფურა], რომელიც ცოლის გვარზე (გოგოლაძე) გადავიდა.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო, დღეს, "ფაუფურას" წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გამოიყენებს, ზაზა გოგოლაძის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
- შეგახსენებთ, რომ ზაზა ფარქოსაძის წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედებები 7 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა მოსამართლის განჩინების აღების შემდეგ, "ფაიფურას" დასაკავებლად მისულ პოლიციას ის ადგილზე არ დახვდა.
ამ დროისთვის, მოსამართლე ნანა შამათავა დაცვის მხარის შუამდგომლობებს ისმენს. ადვოკატები სასამართლოს მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სხვადასხვა ოდენობის გირაოს ითხოვენ.
14 პირს, ბრალდებულს, ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის და ქურდული სამყაროს მიმართვის ფაქტზე. თითოეული ბრალდებულის მიმართებაში პატიმრობა ეფუძნება დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებულები ჩაიდენენ ახალ დანაშაულს, მიიმალებიან და გაანადგურებენ მტკიცებულებებს.
["ფაიფურა"] გახლავთ ქურდული სამყაროს წევრი, რომელსაც კავშირი აქვს კანონიერ ქურდებთან, მას მიმართავდნენ სხვადასხვა პირები არსებული დავების დროს და ქურდული წესების შესაბამისად სთხოვდნენ გადაეწყვიტა გარკვეული საკითხები, მათ შორის იყო, როგორც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები, ასევე სხვადასხვა ფინანსური დავები. ჯერ-ჯერობით დაკავებული არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლო თუ მიიღებს გადაწყვეტილებას და აღკვეთი ღონისძიების სახით მას შეუფარდებს პატიმრობას, ამის შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა," - განაცხადა პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა შუბითიძის, იგივე "ტურიკელას" დაჯგუფების დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება 7 აპრილს გაავრცელა.
გამოძიების ვერსიით, მამუკა შუბუთიძე, იგივე „ტურიკელა“, კრიმინალურ გარემოში პროცესებს ე.წ. „მაყურებლების“ — „ფაიფურასა“ და „გრიშიჩის“ დახმარებით მართავდა. სამართალდამცველებმა ერთ ღამეში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროსთვის მიმართვის ბრალდებით 44 პირი დააკავეს, ხოლო კიდევ ექვსზე, მათ შორის „ტურიკელაზე“, ძებნა გამოცხადდა.
გამოძიების მიხედვით, დავების გადაწყვეტისას ერთ-ერთ მხარეს ფულის გადახდა ეკისრებოდა, პროცესში კი აქტიურად ერთვებოდნენ „ფაიფურა“ და „გრიშიჩი“. ფარულ ჩანაწერებში, სამართალდამცველთა განცხადებით, ისმის, როგორ არეგულირებენ ისინი კონკრეტულ საქმეებს.