"ჭამე, ნუ ხარ ფაიფურიო" - რატომ შეარქვეს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს ზაზა ფარქოსაძეს "ფაიფურა"
ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს ზაზა ფარქოსაძეს (გოგოლაძეს) მეტსახელად "ფაიფურა" ბავშვობაში შეარქვეს. ამის შესახებ ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
დაკავებულის განმარტებით, ის "ფაიფურასთან" ბავშვობიდან მეგობრობს - "ფაიფურა" ჩვენ ბავშვობაში შევარქვით. ფაფას არ ჭამდა და დედა ეუბნებოდა - ჭამე, ნუ ხარ ფაიფურაო. მეზობლებმაც ასე დავუძახეთ".
ადამიანებს კრიმინალებად ნუ აქცევთ. თუ მე კრიმინალს დამარქმევთ, მართლა ისეთ კრიმინალად ვიქცევი, როგორიც ჯერ არ გინახავთ.
მე თავად დაზარალებული ვარ - 21 დღე ვიწექი, ყბა და სახე დამსხვრეული მქონდა. 32 დღე ლოგინიდან ვერ ავდექი. ვის მივმართე, ხალხო? სირცხვილი არ არის? ვინმემ გამოიძია ჩემი ცემის საქმე?
აქეთ დამასახიჩრეს - ფეხზე თუ დავდგებოდი ოდესმე, არავის ეგონა. და ახლა რისთვის მასამართლებთ? იმისთვის, რომ ადამიანს ბავშვობიდან ვიცნობ?
"ფაიფურა" ჩვენ ბავშვობაში შევარქვით. ფაფას არ ჭამდა და დედა ეუბნებოდა - ჭამე, ნუ ხარ ფაიფურაო. მეზობლებმაც ასე დავუძახეთ.
რა კავშირი აქვს ამას "კანონიერ ქურდებთან"? ეს რომ მდომოდა, ბიძა მყავს კანონიერი ქურდი, მაგრამ მასთან კონტაქტი წლებია შეწყვეტილი მაქვს," - განაცხადა გიორგი კაპანაძემ სასამართლოში.
ცნობისთვის, ზაზა ფარქოსაძეზე, რომელიც ცოლის გვარს (გოგოლაძეს) ატარებს, დღეს, ოფიციალურად გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა შუბითიძის, იგივე "ტურიკელას" დაჯგუფების დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება 7 აპრილს გაავრცელა.
გამოძიების ვერსიით, მამუკა შუბუთიძე, იგივე "ტურიკელა", კრიმინალურ გარემოში პროცესებს ე.წ. "მაყურებლების" — "ფაიფურასა" და "გრიშიჩის" დახმარებით მართავდა. სამართალდამცველებმა ერთ ღამეში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროსთვის მიმართვის ბრალდებით 44 პირი დააკავეს, ხოლო კიდევ ექვსზე, მათ შორის "ტურიკელაზე", ძებნა გამოცხადდა.
გამოძიების მიხედვით, დავების გადაწყვეტისას ერთ-ერთ მხარეს ფულის გადახდა ეკისრებოდა, პროცესში კი აქტიურად ერთვებოდნენ "ფაიფურა" და "გრიშიჩი". ფარულ ჩანაწერებში, სამართალდამცველთა განცხადებით, ისმის, როგორ არეგულირებენ ისინი კონკრეტულ საქმეებს.