გასაიდუმლოებული სახელმწიფო შესყიდვები - რას მალავენ უწყებები

09.04.26 18:24
გასაიდუმლოებული სახელმწიფო შესყიდვები - რას მალავენ უწყებები

რა აქვთ დასამალი სახელმწიფო უწყებებს? უკვე ტენდენციად იქცა, რომ გამარტივებულ შესყიდვებს აფორმებენ და ხელშეკრულებებს  ასაიდუმლობენ.  ეს კანონდარღვევაა, რაშიც 17 უწყებაა მხილებული. მათ შორის არის მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სუს-ი.  

“ფლანგვის დეტექტორმა“ შეაგროვა მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ხანია, სახელმწიფო უწყებები აღარ ასაჯაროებენ გამარტივებული წესით გაფორმებულ შესყიდვებს.

მკვლევარები ამბობენ, რომ გამარტივებული შესყიდვების შემთხვევაში კორუფციის რისკი ისედაც არსებობს, ამ საფრთხეს კი გადამალული  ხელშეკრულებები კიდევ უფრო ამძიმებს.

საუბარია, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე, ან რაღაც ისეთებზე, რაც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული,  არის ფუფუნების საგნებთან დაკავშირებული და ეს რომ ჩაკეტილი აქვთ, იმიტომაა, რომ ამის კონტროლი არ მოხდეს და არ გამოჩნდეს ის, რომ მათ შორის, მიმწოდებელი კომპანიები, ხშირად არიან მათთან დაკავშირებული კომპანიები. მას შემდეგ, რაც კობახიძე გახდა პრემიერი, მეორე დღეს ჩაიკეტა თავდაცვის სამინისტროს გამარტივებული შესყიდვების გამოქვეყნება, არასდროს გამოუქვეყნებია მთავრობის ადმინისტრაციას და პორეზიდენტის ადმინისტრაციას გამარტივებული შესყიდვები, არადა, თითქოს, შეიცვალა გამჭვირვალობა და თითქოს, დღეს ყველაფერი კორუფციისგან თავისუფალია. იმიტომ კეტავენ და მალავენ, რომ არ გადამოწმდეს კორუფციული სქემები და მათი განზრახვები, რაც რეალურად აქვთ, - აცხადებს კორუფციის მკვლევარი, დავით მჟავანაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ბაზარზე სულ ერთიდაიგვე კომპანიები ტრიალებენ, რადგან არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ახალი კომპანიები გაჩნდეს.

ერთიდაიგივე კომპანიები ტრიალებენ, იმიტომ, რომ სხვა კომპანიებს საიდან მოიყვანენ, როდესაც ბაზარი არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ახალი კომპანიები გაჩენილიყო. წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ კორუფციულ რისკებზე ვსაუბრობდით და კონკურენციის გაქრობის საფრთხის წინაშე რომ ვიდექით, სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ ერთ დღეს აღმოვჩნდებოდით ისეთი რეალობის წინაშე, როდესაც მოგვიწევდა, თუნდაც პირობითი კონკურენციის გარეშე ასეთი ტიპის შესყიდვების ჩატარება, რადგან ბაზარზე სანდო კომპანიები აღარ არიან. აქაც რა ხდება, იცით? ყველაში ეპარებათ ეჭვი, ან ვიღაცა ვიღაცასთან არის დაკავშირებული, ან ვიღაცის პროტეჟეა, - ამბობს ენუქიძე.

კონტრაქტებისგან განსხვავებით შესყიდვების სისტემაში ქვეყნდება წერილები თანხმობაზე, რომ უწყებამ ფული კონკურსის გარეშე დახარჯოს. 

სტატისტიკის თანახმად, ბოლო 5 წელში შსს-მ 597 ასეთი შესყიდვა მოითხოვა, ასევე სხვადასხვა უწყებებს ათობით გამარტივებული წესით შესყიდვის მოთხოვნა აქვს გაკეთებული და თანხმობაც მიღებული.

 თუმცა, უცნობია, რა პირობებით და ვინ იღებდა ამ კონტრაქტებით ბიუჯეტის ფულს.