ხმაურიან კორიდორად გადაქცეული გზა 9 აპრილის მემორიალამდე - "ოცნებასა" და ხალხს შორის დღეს პოლიცია იდგა

09.04.26 20:21
ხმაურიან კორიდორად გადაქცეული გზა 9 აპრილის მემორიალამდე - "ოცნებასა" და ხალხს შორის დღეს პოლიცია იდგა

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები ქართულ ოცნებას პროტესტით დახვდნენ. 9 აპრილის მემორიალამდე მისასვლელი მოკლე გზა კობახიძის გუნდისთვის ხმაურიან კორიდორად იქცა.

ამ რამდენიმე ნაბიჯისთვის პარტიამ დიდი რესურსი გაიღო. ადგილზე საპატიო ყარაული ჩააყენა, ტერიტორია კი მოქალაქეებისგან გაათავისუფლა. პოლიციის ასეულობით თანამშრომელმა პროტესტის მონაწილეები ადგილიდან მიწოლით გაიყვანეს და შემაღლებულ ადგილზე შემოსაზღვრეს.

შეძახილები ოცნების ლიდერებს ესმოდათ, თუმცა მათთვის სათქმელი არაფერი ჰქონდათ. ეს იყო პირველი შემთხვევა როცა ივანიშვილის პარტია და პროტესტის მონაწილეები ერთ სივრცეში აღმოჩნდნენ, თუმცა თვალსაჩინო იყო ერთმანეთისგან განსხვავებული ორი რეალობა. პოლიციის ძალით განრიდებულ ხალხთან ერთად მუშაობა შეზღუდეს მედიისთვისაც.

შარშან ამ ადგილზე ოცნება არ გამოჩენილა. პროტესტის გამო ლიდერებმა მემორიალთან მისვლა ვერ გაბედეს და გადაწყვეტილება ესკალაციის თავიდან არიდების მოტივით ახსნეს. წელს მივიდნენ, თუმცა გაძლიერებული უსაფრთხოების ფასად.

აქ ისინი ვერ უნდა მოდიოდნენ - თქვა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან გმირებისთვის პატივის მიგების შემდეგ. მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ოცნება ყიდის საქართველოს და მის დამოკიდებულობას, რომელიც ქართველმა ხალხმა 9 აპრილს სიცოცხლის და სისხლის ფასად მოიპოვა.

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 37 წელი გავიდა. ამ დღეს იხსენებენ ამ დღესაც და ორი წლის თავზე მოპოვებულ გამარჯვებასაც. ერთი თარიღი ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ მოვლენას აერთიანებს. ადგილზე მოსული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ დამოუკიდებლობა დღესაც დასაცავია და მას საფრთხეს ხელისუფლებაში მყოფები უქმნიან.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.