EUA საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმაზე შეშფოთებას გამოთქვამს
ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) საბჭო საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ უმაღლესი განათლების რეფორმებზე შეშფოთებას გამოთქვამს და შესაძლო იზოლაციაზე მიუთითებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეფორმამ შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედოს საჯარო უნივერსიტეტებზე და შეასუსტოს მათი კავშირი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.
EUA მიუთითებს, რომ ცვლილებები გულისხმობს უნივერსიტეტების სტრუქტურულ გადანაწილებას, პროგრამების შემცირებას, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამების სტანდარტიზაციას, დაფინანსების მოდელის შეცვლასა და სტუდენტთა კვოტების ცენტრალიზებულ განსაზღვრას.
ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ რეფორმები უნდა იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ასევე მოიცავდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
მათი შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტების ავტონომიას, აკადემიურ თავისუფლებასა და მრავალფეროვნებას.
განსაკუთრებულ კრიტიკას იწვევს „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ მოდელი, რომელიც, EUA-ს აზრით, დაასუსტებს კვლევის, სწავლებისა და საზოგადოების სამსახურის კავშირს.
EUA მიიჩნევს, რომ მსგავსი მასშტაბის რეფორმები უნდა განხორციელდეს ფართო კონსულტაციების, საჯარო დისკუსიისა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირების პარალელურად, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მიზნობრიობა, რეალისტურობა და შესაბამისობა როგორც განათლების სექტორის, ისე საზოგადოების ინტერესებთან.
ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მზად არის გააგრძელოს მონაწილეობა საჯარო დებატებში და ჩაერთოს დიალოგში საქართველოს ხელისუფლებასთან და აკადემიურ საზოგადოებასთან, მათ შორის შედარებითი ანალიზისა და ექსპერტიზის გაზიარების გზით.