ნაცემია შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრი - რა კავშირი აქვს "ხარებას" ჯგუფურ ანგარიშსწორებასთან

10.04.26 20:08
ნაცემია შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრი - რა კავშირი აქვს "ხარებას" ჯგუფურ ანგარიშსწორებასთან

უკვე 24 საათზე მეტია სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, ვინ და რა მოტივით გაუსწორდა სასტიკად შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრს. საუბარია გიორგი ისააკ უბილავაზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორის გარემოცვასთან არის დაკავშირებული.

შემთხვევა წუხელ დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, უბილავას ჩასაფრება მოუწყვეს. ანონიმური წყაროს მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ მას მძიმე ფიზიკური დაზიანებები აქვს — სავარაუდოდ, მას ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული ჭრილობები თავის არეში და აღენიშნება სისხლდენა.

გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის მუხლით, რაც მიუთითებს, რომ თავდასხმაში შესაძლოა რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთ ვერსიად განიხილება დაპირისპირება კრიმინალურ ჯგუფებს შორის. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს შინჯიკაშვილის დაჯგუფებასა და ე.წ. „ხარებას“ სპეცრაზმის ყოფილ წევრებს შორის არსებულ კონფლიქტთან.

როგორც ცნობილია, აღნიშნული დაპირისპირება 2025 წლის გაზაფხულიდან გრძელდება, როდესაც შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრებსა და სპეცრაზმელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთბრალდებები და მუქარები არაერთხელ გავრცელდა.

მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. გამოძიება გრძელდება.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.