დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან - აქტივისტი 10 დღიან პატიმრობაში გაუშვეს
9 აპრილის აქციაზე დაკავებული შოთა ოდიშვილი სასამართლომ 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. ის მამაკაცია, რომელსაც მაისურზე ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი ეწერა.
დილიდან დაკავებულს ადვოკატები სხვადასხვა იზოლატორში ეძებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ოდიშვილი დაჩქარებული წესით გაასამართლეს და მარნეულის იზოლატორში გადაიყვანეს.
ამავე დროს, 9 აპრილს მემორიალთან მომხდარი დაპირისპირების ამსახველი კადრების დეტალური ანალიზის შედეგად იკვეთება იმ პირების ვინაობა, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ტელეკომპანია „პირველის“ კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებსა და სინდისის პატიმრების მშობლებს ორი პირი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, რის შემდეგაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
კადრებში ასევე დაფიქსირებულია ძალადობრივი ეპიზოდები. არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც წაქცეულ სამოქალაქო აქტივისტ შაკო ბაღდოშვილს ფეხებს ურტყამს, იდენტიფიცირებულია როგორც საბა ხაჯალაია. ვიდეომასალა აჩვენებს, რომ იგი აგრესიულად მოქმედებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჯგუფურ ძალადობაზე რეაგირება არ მოახდინეს და მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდნენ.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.