რუსული ნადირობის ახალი სერია ქართველ მებრძოლებზე - კობა ხაბაზს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს
დონეცკის ე.წ. საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ საქართველოს ყოფილი პარლამენტის წევრს, კობა ხაბაზს, დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას ედავებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ხაბაზი უკრაინაში 2022 წელს, პოლონეთის გავლით შევიდა, გაიარა სამხედრო მომზადება და ფრონტის ხაზზე 2026 წლის იანვრამდე იბრძოდა რუსული ძალების წინააღმდეგ.
ხაბაზი არ არის ერთადერთი ქართველი, ვისაც ოკუპაციურმა სტრუქტურებმა მსგავსი განაჩენი გამოუტანეს. რამდენიმე თვის წინ, დონეცკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკის“ სასამართლომ 6 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა გიორგი ბარამიძესაც. ბარამიძე უკრაინაში ხაბაზთან ერთად იმყოფებოდა და „ქართული ლეგიონის“ შემადგენლობაში მონაწილეობდა კიევისა და სხვა ტერიტორიების დაცვაში.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში წავიდა დავით ქაცარავაც, რომელიც ქართველ მოხალისეებთან ერთად იბრძოდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურად მონაწილეობდა ანტისამთავრობო აქციებში. დაკავების დროს, მისი განცხადებით, მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.
ქაცარავა აცხადებს, რომ არ გაუკვირდება, თუ საქართველოს ხელისუფლება მომავალში იმ პირების წინააღმდეგ ზომებს გაამკაცრებს, ვინც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.