მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდება - იერუსალიმში უამრავი მორწმუნეა ჩასული
მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდება - დღეს დიდი შაბათია, ამიტომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იერუსალიმია. იქ უამრავი მორწმუნეა ჩასული მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
ტრადიციულად წელსაც, იერუსალიმშია საპატრიარქოს დელეგაცია. სწორედ მათ უნდა გაავრცელონ საქართველოში მაცხოვრის აღდგომის ტაძრიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი ქართულ ეკლესია მონასტრებში.
მაცხოვრის საფლავზე, აღდგომის ტაძარში, იერუსალიმის პატრიარქი თბილისის დროით დაახლოებით 14:00 საათზე შევა და ამის შემდეგ ტაძარი დაიკეტება. როგორც წესი ტაძარში ამ დროს ათასობით მორწმუნეა შეკრებილი.
ტრადიიციის მიხედვით, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარეზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.
2026 წელს იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი განსაკუთრებულად რთულ პირობებში მიმდინარეობს. რეგიონში არსებული რთული სამხედრო დაძაბულობის ფონზე, აღდგომის ტაძარში უსაფრთხოების მკაცრი ზომებია დაწესებული. ომის გამო ტაძარი 40 დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. კარი მხოლოდ დღესასწაულის წინ გაიხსნა. ტაძარში დღეს მხოლოდ 2000 ადამიანი იმყოფება. ეს ბოლო ათწლეულში უპრეცედენტო შემთხვევაა, თუ არ ჩავთვლით კოვიდ პანდემიის მოვლენებს.
ტაძარში შესვლა მხოლოდ სპეცსაშვებით და სამკლაურებით არის შესაძლებელი. უძველეს ქალაქში პოლიციას რკინის ბარიერებიც აქვს აღმართული. გამზადებულია ევაკუაციის დერეფნებიც ვითარების დაძაბვის შემთხვევაში. მკაცი იყო გოლგოთის გზაზე დაწესებული შეზღუდვებიც. წითელ პარასკევს, იესო ქრისტეს ბოლო გზა პილატეს სასახლიდან გოლგოთამდე 50 ათასი ადამიანის ნაცვლად, მხოლოდ 4 ათასმა მორწმუნემ გაიარა.