ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწევს უახლოეს მომავალში - ეპისკოპოსი მელქისედეკის სააღდგომო ეპისტოლე
ძმებო და დებო, ჩემო სულიერო შვილებო, ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწევს უახლოეს მომავალში! - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს მელქისედეკის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
მაღალი იერარქი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში "საჭირო იქნება წინ აღვუდგეთ ისეთ გამოწვევებს, რომელთა შესახებ აქამდე ნაკლებს ვფიქრობდით".
გთხოვთ გააძლიეროთ ლოცვები, რათა მკვდრეთით აღდგომილი ქრისტეს მადლითა და მეოხებით, ახლაც გადალახოს ჩვენმა ეკლესიამ კარს მომდგარი განსაცდელები და დარჩეს მტკიცედ და შეურყევლად იმ გზაზე, რომელსაც ეპოქებია ერთგულად მისდევს - წერია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს მელქისედეკის სააღდგომო ეპისტოლეში.
ქრისტე აღსდგა!
„რამეთუ აღსდგა, ვითარცა თქუა“ (მათე 28:6)
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო!ყოვლადდიდებული და ყოვლისშემძლე უფლის მადლითა და წყალობით, ამ წმინდა საეპისკოპოსო კათედრიდან კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გახარებთ:
ქრისტე აღსდგა!
განა რომელი დღე შეიძლება იყოს დღევანდელზე უფრო მრავლისმეტყველი, სასიხარულო და იმედის მომცემი. ვერაფერი შეედრება სამყაროში აღდგომის დღესასწაულის გრძნობას, რადგან ამ დღეს, მიწიერი ცხოვრების განსაცდელებში მყოფნი ვიხსენებთ, რომ ეს ყველაფერი დროებითია, რომ ცა და მიწა გადავა, მაგრამ არ გადავა უფლის სიტყვები (შდრ. მათე24:35) და სანამ კაცობრიობა იარსებებს, იარსებებს აღდგომის დღესასწაულიც, რადგან ქრისტე აღსდგა!
2026 წლის სადღესასწაულო დღეები სხვებისგან განსხვავებულია. წელს, აგერ უკვე ნახევარი საუკუნის მანძილზე, პირველად ხდება, რომ ქრისტეს დიდებულ აღდგომას დაქვრივებული ხვდება სრულიად საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო კათედრა! დავობლდით, რამეთუ ღვთივ მიიცვალა ჩვენი ეკლესიისმამამთავარი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
ძმებო და დებო, ჩემო სულიერო შვილებო, ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწევს უახლოეს მომავალში! საჭირო იქნება წინ აღვუდგეთ ისეთ გამოწვევებს, რომელთა შესახებ აქამდე ნაკლებს ვფიქრობდით. გთხოვთ გააძლიეროთ ლოცვები, რათა მკვდრეთით აღდგომილი ქრისტეს მადლითა და მეოხებით, ახლაც გადალახოს ჩვენმა ეკლესიამ კარს მომდგარი განსაცდელები და დარჩეს მტკიცედ და შეურყევლად იმ გზაზე, რომელსაც ეპოქებია ერთგულად მისდევს.
შეგახსენებთ ჩვენთვის ნაცნობი და ძალიან ძვირფასი, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელქიქოძის სიტყვებს, რომელიც მან ამ წმინდა დღის შესახებ წარმოთქვა: „იესო ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით გვაჩვენებს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით, რომლითა სახითა ვიცხოვრებთ ჩვენც შემდგომად აღდგომისა. და ესრედ, პირველად სიკვდილი, ანუ გარდაცვალება გაათავებს, ანუ მოსპობს მხოლოდ აქაურსა, სოფლიურსა ჩვენსა მოქმედობასა, ხორციელსა ცხოვრებასა“. იესო ქრისტეს აღდგომა წარსულში მომხდარი სასწაული არაა, ესაა მომავლის ესქატოლოგიური ხედვა, წინასწარ განჭვრეტა იმისა თუ რა მოგველის, რისთვის ვიბრძვით და რატომ ვიღწვით. ქრისტეს აღდგომა გვაჩვენებს, რომ სიკვდილი ვეღარ შეგვაშინებს, რადგან ქრისტემ განაქარვა იგი! ვეღარ შეგვაძრწუნებს გარდაცვალების შიში, რადგან აღვდგებით! ვეღარ შეგვაშფოთებს ჯოჯოხეთი, რადგან სამოთხემ ძლია იგი! რადგან ქრისტე აღსდგა!
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო! ქრისტე საფლავიდან ჭეშმარიტად აღსდგა!ბეთლემში მდაბლად ნაშობი, გოლგოთაზე უსამართლოდ ჯვარზე ვნებული და მკვდრეთითდიდებით აღდგომილი ქრისტე მარადიულად და განუშორებლად უნდა სუფევდეს ჩვენს გულებში, რადგან ქრისტეთი ჩვენც უნდა ვძლიოთ სიკვდილს და ჩვენც უნდა შევმუსროთ ბჭენიჯოჯოხეთისანი!ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა!
თქვენთვის მლოცველი
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი
მელქისედეკი (ხაჩიძე)