"მოზომილი, მოკლე და თავმდაბლობით განმსჭვალული" - თეოლოგები მეუფე შიოს ეპისტოლეზე
მოზომილი, მოკლე და თავმდაბლობით განმსჭვალული, - ასე აფასებენ თეოლოგები პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეს. თეოლოგების შეფასებით, ეპისტოლე მკაფიოდ აჩვენებს ეკლესიის მცდელობას, თავი შეიკავოს პოლარიზებული თემებისგან და ყურადღება გაამახვილოს იმ ღირებულებებზე, რომლებიც საზოგადოებას აერთიანებს.
მათივე თქმით, ტექსტში არ იკითხება პოლიტიკური აქცენტები და არც რომელიმე მხარის მხარდაჭერა.
მთავარი აქცენტი იყო სწორედ ჩვენს ერთობაზე. ცხადია, რომ ჩვენ ერთნაირ აზრზე არ ვართ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც მარადისობის პირისპირ ვდგებით, ჩვენ ვერთიანდებით და სწორედ პატრიარქმა მისი სიკვდილის შემდეგაც გააერთიანა მთელი ერი და ამაზე იყო აქცენტი. მოზომილი, მოკლე და მე ვიტყოდი, რომ სწორედ ასეთი თავმდაბლობით იყო განსჭვალული ეს ეპისტოლე. არ იყო აქ, ვთქვათ, დაპირისპირებებზე საუბარი, არ იყო მხარის დაჭერის საუბარი, არ იყო საკუთარ თავზე საუბარი.
რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, ჩვენს საზოაგადოებაში ზოგს მიაჩნია, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან, ზოგს მიაჩნია, რომ არ არიან პოლიტპატიმრები, და ამ საკითხში, მოსაყდრე არ გამოთქვამს არანაირ აზრს და ვნახოთ ახლა, მომავალი პატრიარქი ვინც იქნება, ის როგორ პოზიციას დაიჭერს. ყოველ შემთხვევაში, ზოგადად, ეკლესია უნდა ცდილობდეს, რომ იყოს გახსნილი და ღია ყველასთვის, - ამბობს ლევან აბაშიძე.
ამავე დროს, თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი აღნიშნავს, რომ ეპისტოლეში სრულად არის გამოტოვებული ის საკითხები, რომლებიც წარსულში საზოგადოებაში მწვავე დებატებს იწვევდა — მათ შორის პოლიტიკური და ბიოეთიკური თემები — და ხაზს უსვამს, რომ მომავალშიც მთავარი აქცენტი სწორედ ერთობაზე უნდა შენარჩუნდეს.
ამ ეპისტოლეში არ იყო საუბარი პოლიტიკურ ასპექტებზე, არ იყო საუბარი თუნდაც იგივე, ბიოეთიკაზე, ხელოვნურ განაყოფიერებაზე, სამეცნიერო საკითხებზე, რაც აქამდე იწვევდა ხომე დიდ დაპირისპირებას და დიდ დავიდარაბას საზოგადოებაში. მართლა არსებობს ეს ჩატეხილი ხიდი და ასე მარტივად ვერ მოხდება, იმიტომ, რომ გვაქვს პრობლემა ხელისუფლებასთან, გვაქვს პრობლემა, შიგნით ეკლესიაში ვინ იქნება. ასე უცბად ეს საკითხი ვერ მოგვარდება, თუმცა მომავალში როცა შეიცვლება, მე ვისურვებდი, რომ როცა ეპისტოლეზეა, იყოს ხაზგასმა ერთობაზე და არფაერ სხვაზე, - ამბობს გურამ
ლურსმანაშვილი.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს აღდგომის ეპისტოლე მთლიანად გამსჭვალულია სულიერი ერთობის, სიყვარულისა და ეროვნული კონსოლიდაციის გზავნილებით. მაღალი იერარქი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მრავალწლოვან ღვაწლზე, რომელსაც „მოწამებრივ გზად და ყოველდღიურ თავგანწირვად“ აფასებს.
ეპისტოლეში ხაზგასმულია, რომ პატრიარქის სულიერი გავლენა და მისია კვლავ გრძელდება და იგი ერის გაერთიანებისა და სულიერი გაძლიერების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამასთან, მეუფე შიო აღნიშნავს, რომ ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ერთობაზე, ლოცვაზე და ურთიერთსიყვარულზე.