"ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს გაუარესებული მდგომარეობა დახვდება" - უფლებადამცველები მაიკლ ო’ფლაერტის ვიზიტზე
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის საქართველოში ვიზიტს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ეხმაურებიან.
ისინი აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, რომ მაიკლ ო’ფლაერტის ვიზიტი "იქნება კონსტატაცია იმ ფაქტის, რომ 2025 წლის მემორანდუმის მერე ამ ქვეყანაში არაფერი გაკეთებულა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად".
კვლავ არ გამოვლენილან და არ დასჯილან ის პოლიციელები, თუ სხვა პოლიციასთან ასოცირებული პირები, რომლებსაც ასე ვთქვათ, ბრალი მიუძღვით ადამიანების მასობრივ ცემაში, მათ შორის ჟურნალისტების. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა თუნდაც იმითი, რომ მარტის დასაწყისში მიღებული იქნა ახალი ცვლილებები "გრანტების შესახებ კანონში", რომელმაც უბრალოდ გრანტების კრიმინალიზაცია მოახდინა. თუ კობახიძეს არ შეუთანხმებ წინასწარ, მაშინ გემუქრება მრავალი წლით ციხეში წასვლა.
მისი კიდევ ერთი ვიზიტი აქ იქნება კონსტატაცია იმ ფაქტის, რომ 2025 წლის მემორანდუმის მერე ამ ქვეყანაში არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა მდგომარეობა რამდენადმე გაუმჯობესებულიყო," - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, მარიკა არევაძის თქმით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს "არათუ გამოსწორებული, გაუარესებული მდგომარეობა დახვდება".
არათუ გამოსწორებული, გაუარესებული მდგომარეობა დახვდება და ამაზე საუბრობს ის ყოველდღიურობა, რომელიც ჩვენ გვაქვს დრეს "ოცნების" პირობებში. ადამიანები არიან ნაწამები, გამოძიებული არის ნოლი საქმე. ადამიანებს ძალადობა გამოატარა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთმა სპეცრაზმის წარმომადგენელმა, ასევე ტიტუშკებმა და ეს გრძელდება, სულ რამდენიმე დღის წინ, იგივე მოხდა პარლამენტის წინ.
სამწუხაროდ იმიტომ, რომ ეს არ არის კარგი საქართველოსთვის, ისევ ჩაიწერება, რომ არაფერი არ არის გამოსწორებული და ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება ადამიანების უფლებების რღვევა საქართველოში," - თქვა მარიკა არევაძემ.