ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია

14.04.26 11:36
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია. მაიკლ ო'ფლაერტი, ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. 

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილთან შეხვედრა უკვე დასრულდა. მათი განცხადებით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობა დახვდა. 

მათივე თქმით, მაიკლ ო'ფლაერტს იმ პრობლემებზეც ესაუბრნენ, რომელიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქვთ. 

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი, გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების პოზიციებითა და მოსაზრებებით დაინტერესდა, რათა მოგვიანებით მან შესაბამისი დოკუმენტი მოამზადოს საქართველოს შესახებ.

ყველა საკითხი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებობს, ადამიანის უფლებათა კომისარს აინტერესებდა სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების პოზიციები და მოსაზრებები, რათა მან შესაბამისი დოკუმენტი მოამზადოს საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი იმ კუთხითაც, რომ "ქართული ოცნება", რომელიც ადამიანის უფლებადამცველებს უარყოფს, მიიჩნევს მათ როგორც ზედმეტს და კრიმინალად აცხადებს ამ კუთხით, ადამიანის უფლებათა კომისარი ხვდება, ისმენს და მიიჩნევს, როგორც სანდო ინფორმაციის წყაროს. რაც კარგი დასტურია იმის, რასაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ორგანიზაციები საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ახორციელებენ." - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია და საერთაშორისო ორგანიზაციები ამჩნევენ, რომ საქართველოში დაუსჯელობა ისევ გრძელდება. 

კიდევ უფრო დამძიმდა ქვეყანაში მდგომარეობა, რეპრესიები იზრდება, პრაქტიკულად ყველა ორგანიზაცია, ყველა დამოუკიდებელი ჯგუფი არის პრაქტიკულად ზეწოლის ქვეშ და ის, რომ დაუსჯელობა ქვეყანაში კვლავ გრძელდება, ეს არ ხდება შეუმჩნეველი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და შესაბამისად აისახება მათ საქმიანობაში ის რეალური მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია შექმნილი," - ამბობს უჩა ნანუაშვილი. 

როგორც ცნობილია, მაიკლ ო'ფლაერტს შეხვედრა დაგეგმილი აქვს საქართველოს სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთანაც. 

ამ დროისთვის უცნობია, ვის შეხვდება ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიდან. 

  • შეგახსენებთ, რომ წინა ვიზიტის დროს, მაიკლ ო'ფლაერტი ადამიანის უფლებების მწვავე დარღვევებზე საუბრობდა, მათ შორის შესაძლო გადაცდომებზე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან და იმ შსს-ს თანამშრომლების დაუსჯელობაზე, რომლებიც მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებოდნენ. მან გენერალურ პროკურორს მოუწოდა ყველა ეს დარღვევა გამოეძიებინათ და პასუხისგებაში მიეცათ დამნაშავეები. 
  • ამასთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, რომ მან შს მინისტრისგან ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სრულიად სხვა ინფორმაცია მიიღო, როდესაც უთხრეს, რომ ის არ გამოუყენებიათ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია და გარკვეული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება სუს-მაც დაადასტურა. 
  • მანამდე, მაიკლ ო'ფლაერტი გამოეხმაურა ჟურნალისტი მზია ამაღლობელის საქმესაც და თქვა, რომ ის უნდა გათავისუფლებულიყო.