ბაჩოს საქმეში მოწმეები არ არსებობენ, ამიტომ არის სასამართლო სხდომები დახურული - ანი ნადარეიშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმის განხილვას ჟურნალისტები კვლავ ვერ ესწრებიან - მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დაცვის მხარის არაერთი თხოვნის მიუხედავად, სხდომა ისევ არ გახსნა. ადვოკატი ანი ნადარეიშვილი ნადარეიშვილი ამბობს, რომ ბაჩო ახალაიას საქმეში მოწმეები არ არსებობენ და სწორედ ამას უკავშირდება ყოველ ჯერზე პროცესების დახურვა.
ნადარეიშვილის თქმით, წინასასამართლო სხდომებზე გამოიძახეს ისეთი მოწმეები, რომლებიც ადვოკატის განცხადებით, გაკვირვებულები იყვნენ - ვერ ხვდებოდნენ რა უნდოდათ ბაჩო ახალაიას სასამართლო სხდომაზე.
მოწმეები ბაჩოს საქმეში არ არსებობენ, ამიტომ არის ეს სასამართლო სხდომები დახურული, რომ არავინ ნახოს, რომ სხვა საქმის მოწმეები ჰყავთ მოყვანილი. ეს მომწეები წინასასამართლო პროცესებზე გაკვირვებულები იყვნენ საერთოდ რა უნდოდათ ბაჩოს სასამართლო სხდომაზე. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამიტომ არის დახურული. არც მაქვს იმის მოლოდინი, რომ გახსნიან, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ და ვითხოვ, რომ გახსნან და იყოს საჯარო სხდომები, იმიტომ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხალხმა გაიგოს რა ხდება სასამართლო სხდომებზე", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდებას ერთი მოწმე - სუს-ის თანამშრომელი ეყოლება წარმოდგენილი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.