ძაღლს, რომელმაც 3 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა - სოფელ ბანძაში კარანტინი გამოცხადდა - აქტივისტი
გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილში, სოფელ ბანძაში ძაღლს, რომელმაც 3 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა.
აქტივისტი ონისე ჯანაშია წერს, რომ სოფელში გამოცხადებულია კარანტინი.
"მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ბანძაში ცოფი დაფიქსირდა
8 აპრილს ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლს 14 აპრილს ლაბორატორიულად დაუდასტურდა ცოფი.დაკბენილია 3 ადამიანი
ტერიტორიაზე გამოცხადებულია კარანტინი, მიმდინარეობს დეზინფექცია და ცხოველების ვაქცინაცია.
თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძაღლმა დაგკბინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და შესაბამის სამსახურს!" - წერს ჯანაშია.
განახლაბა - მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის გამოვლენის ფაქტს ადასტურებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465).
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას; დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები - დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი; ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარში; მიმდინარეობს ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დაწესდა მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომლებსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, „ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდათ უპატრონო ძაღლთან, ვაქცინაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს"- წერს უწყება.