სასახლის ღობის საქმე - ბოლო ცნობები სასამართლო პროცესიდან
საქმიდან გამქარალი მთავარი მტკიცებულებები - სასახლის ღობის საქმის გამომძიებელი კითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.
ირკვევა, რომ რეზიდენციის ღობე მხოლოდ იმიტომ არ დალუქეს, რომ დიდი ზომის იყო. რაც შეეხება ათონელზე განლაგებულ სათვალთვალო კამერებს- გამომძიებელმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩანაწერები გამოეთხოვა.
კონსტანტინე კერესელიძის ჩვენების შემდეგ, უფლებადამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ საქმე შერჩევით სამართალთან.
კერესელიძე საქმის მთავარი გამომძიებელია, რომელმაც დღე სხდომათა დარბაზში თქვა, რომ საქმეში არ ჩადეს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ნაწილი და ამის გადაწყვეტილება, თავად გამომძიებელმა მიიღო.
უფლაბადამცველები მიიჩნევენ, რომ ამ კონკრეტული ქმედებით, საგამოძებო უწყებამ ხელი დააფარა იმ პირებს, რომლებიც მათი განმარტებით, შეგზავნილები იყვნენ 4 ოქტომბრის აქციაზე.
მათ ასევე კითხვები აქვთ ღობესთან დაკავშირებით.
მაშინ როდესაც, აღნიშნული ღობე შემთხვევის დღეს არ იქნა სათანადოდ ამოღებული და დაცული ისე, როგორც ამის სამართლებრივი წესია დადგენილი, მომავალში, მე, როგორც დაცვის მხარეს, რომ მომდომებოდა აღნიშნულ ობიექტზე, ჯებირზე ჩამეტარებინა საგამოძიებო მოქმედება, რა გარანტია მქონდა, რომ ეს ჯებირი შეცვლილი არ დამხვდებოდა. 1 საათიც საკმარისი იყო, რომ აღნიშნულ ღობეზე ხელოვნურად დაეტანათ სხვა დაზიანებები, მე პირადად მაქვს, თქვენი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტი,ძველი სასახლის ტერიტორიაზე იყო ჯებირის ნაწილი, რომელსაც წითელი გადასაფარებელი ჰქონდა. ლოგიკურად მიჩნდება კითხვა, არის კი ეს ის ღობე? ამას ვინ დაადგენს. ლუქი მას არ ჰქონდა, აღწერილი არ არის სად იყო დაზიანებული და რა ნაწილში, - ამბობს უფლებადამცველი.
ბრალდების მხარე ამბობს, რომ აღნიშნულ ბრალდებულებთან დაკავშირებით სხვა ვიდეო მტკიცებულებების ამოღება საჭიროდ არ ჩაითვალა.
სასახლის ეზოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,დეტალურად არის ვიდეომასალები ამოღებული. აღნიშნულ სასახლის ღობესთან დაკავშირებით, ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა, გასცეს შესაბამისი დასკვნა და აღნიშნული ღობე ინახება სპეციალურ, დაცულ სადგომზე კამერების მეთვალყურეობის ქვეშ. დალუქვას რაც შეეხება - გამომძიებელმა თქვა, რომ პარამეტრებიდან გამომდიანრე მისი დალუქვა შეუძლებელი იყო, - ამბობს საქმის პროკურორი, თამარ იაკობიძე.