რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული საჰაერო შეტევა განახორციელეს

15.04.26 10:31
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული საჰაერო შეტევა განახორციელეს

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული საჰაერო შეტევა განახორციელეს. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, დაიღუპა 74 წლის ქალი, რომელიც ჯიხურში მუშაობდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საწარმოო ობიექტი, ავტოსადგომი და სავაჭრო ჯიხური.

ჩერკასის ოლქში დრონებით შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ხოლო დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმა დნიპროს ცენტრალურ ნაწილზე განხორციელდა — დაშავდა სამი ადამიანი, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა. მანამდე, 14 აპრილს, დნიპროზე სარაკეტო შეტევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა და 20-ზე მეტი დაშავდა. 15 აპრილი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დრონებით შეტევას ემსხვერპლა 8 წლის ბავშვი ჩერკასის ოლქშიც, სადაც 12 ადამიანი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინასწარ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მოსალოდნელი იყო მორიგი მასირებული იერიში.

განახლებული ინფორმაციით, ქალაქ სუმის სამრეწველო ზონაში დრონებით დარტყმამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესშიც ტერიტორია განმეორებით დაიბომბა, თუმცა საგანგებო სამსახურებმა ცეცხლი საბოლოოდ ჩააქრეს.

ოდესის ოლქში თავდასხმის სამიზნე გახდა საპორტო ინფრასტრუქტურა — დაზიანებულია საწყობები და ადმინისტრაციული შენობები. განგაში გამოცხადებული იყო იზმაილის რაიონშიც, სადაც მდებარე პორტი ბოლო დღეებში არაერთხელ იქცა შეტევის ობიექტად.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთმა შეტევისას გამოიყენა სამი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ და 324 დრონი. მათგან 309 დრონი ჩამოაგდეს, თუმცა პირდაპირი დარტყმები ცხრა ლოკაციაზე დაფიქსირდა.

უკრაინული დრონების შეტევის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთმაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 85 უკრაინული დრონი გაანადგურეს, თუმცა მოუგერიებელი აპარატების რაოდენობა არ დაკონკრეტებულა.