ბოლნისში აქტივისტს თავს დაესხნენ - კაცი ჯგუფურ ანგარიშსწორებაში "ოცნების" მხარდამჭერებს ადანაშაულებს

15.04.26 14:53
ბოლნისში აქტივისტს თავს დაესხნენ - კაცი ჯგუფურ ანგარიშსწორებაში "ოცნების" მხარდამჭერებს ადანაშაულებს

 

 

ჯგუფური ანგარიშსწორება ბოლნისში - სამოქალაქო აქტივისტი ნურადინ ნაბიევი "პირველებს" უყვება, რომ გუშინ, 14 აპრილს მას თავს 9 პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

აქტივისტის განცხადებით, მასზე ანგარიშსწორება მისივე კუთვნილ დაწესებულებაში, ჩაის სახლში მოხდა.  ახალგაზრდა კაცს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა - მას ხილული დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნება. 

ნაბიევი ირწმუნება, რომ მას პოლიტიკური მოტივით "ქართული ოცნების" წევრები დაესხნენ, რადგან მისი სოციალურ ქსელში ატქიურობა და ადგილობრივი ხელისუფლბის კრიტიკა არ მოსწონთ. 

ნაცემი ახალგაზრდა "პირველებთან" ამბობს, რომ თავდასხმამდე მას კონკრეტული პირი სიციცხლის მოსპობითაც დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ იმ ვიდეოებს არ წაშლიდა, სადაც ბოლნისში არსებული მძიმე მდგომარეობაა ასახული. 

ნურადინ ნაბიევი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელები მარნეულის ყოფილ მერის, პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ზაურ დარგალის გარემოცვის წევრები არიან და სავარაუდოდ, ადგილობრივ მერიაში მუშაობენ. 

“მოვიდა და მითხრა, რომ შენ რატომ მინუს [უარყოფით] რაღაცებს წერ […] უეჭველი მოკეტე პირიო და მოგკლაო, რაღაცაო, ასე, ბევრი რაღაცები დამიწყეს […] შემოვიდნენ 5, 6, 7 … ოო, მეთქი-რამდენი ხართ, რა გინდათ-მეთქი და ნური, შენა ხარო? კი-მეთქი და ეგრევე დამარტყეს ყველამ ერთად. რაც როგორც მოქალაქეს არ მომწონს, შეიძლება გადავიღო და პრობლემა ვაჩვენო ამ ორგანოებს [სახელმწიფო სტრუქტურებს]”, – განუცხადა ნაბიევმა TV პირველს.

ნურადინ ნაბიევის თქმით, აქვს ხუთი ნაკერი ტუჩზე და თავის ტრავმა. ის ამ დროისათვის ის ბოლნისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამნისტროში განუცხადეს, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყეს.