სინდისის პატიმრების მშობლებს საბანკო ანგარიშებს უყადაღებენ

15.04.26 14:14
სინდისის პატიმრების მშობლებს საბანკო ანგარიშებს უყადაღებენ

აღდგომის წინა დღეებში პროტესტის მონაწილეების ანგარიშების დაყადაღების შემთხვევები გახშირდა — შედეგად, ერთ-ერთი პატიმრის დედა შვილისთვის შესაგზავნი თანხის გარეშე დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაყადაღებულია საბა სხვიტარიძის დედისა და ზვიად ცეცხლაძის მშობლების საბანკო ანგარიშები. ანგარიშები დაუყადაღეს დისიდენტ ლეილა ცომაიასაც. 

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს "ოცნების" მხრიდან მათი "დასჯის" მორიგი მცდელობაა.

 

დამაყადაღეს 7 რიცხვში, 6 რომ აკლდა 15. ეს ის დრო იყო, როცა შეიძლებოდა პატიმრებზე სურსათის შეგზავნა სააღდგომოდ. მედავებიან 2 ოქტომბერს, მე ძრითადად სულ რუსთაველზე ვარ და ვერ მივხვდებოდი, მაგრამ ჩემი მეუღლის დაბადების დღე აღმოჩნდა და ნამდვილად სტუმრები მყავდა სახლში და ფიზიკურად ვერ ვიყავი რუსთაველზე იმ დღეს. 22 ნოემბერს მე საზღვარი დავტოვე, საზღვარგარეთ მომიწია წასვლა და მაშინ მებაჟეს ვკითხე, უბრალოდ, გადამოწმების სახით, რომ მქონდა თუ არა ჯარიმები და მებაჟემ მითხრა, რომ საერთოდ სუფთა ვიყავი და ჯარიმა არ მქონდა და მაინტერესებს, თუ 2 ოქტომბერს ჯარიმა მქონდა, თვენახევრის მანძილზე რატო არ აისახა. რაღაცით ვითომ გამწარება უნდათ. იმდენი სიმწარე მანახეს, ჩემი შვილი ისე აწამეს, ახლა მაგ 5 ათას ლარიანი ჯარიმით რაღას გამამწარებენ, რაღას მიზამენ? ვერ გადავიხდი - ვერ გადავიხდი, დახვრეტით ვერ დამხვრიტავენ, - ამბობს ეკა 

ამ საკითხს ეხმიანება ადვოკატი მარიკა არევაძეც, რომელიც აცხადებს, რომ საქმე არა მხოლოდ ჯარიმებს, არამედ პროტესტის მონაწილეებისა და მათი ოჯახების მიმართ სისტემურ ფინანსურ ზეწოლას ეხება.

"ოცნების" მხრიდან ჩვენ დღეს ვხედავთ სურათს, როდესაც არა მხოლოდ უკანონოდ იჭერენ ადამიანებს და რეჟიმის პატიმრებად აქციეს ადამიანები, არამედ მათი ოჯახის წევრების ტერორზე არიან გადასულები. კერძოდ, იმის გამო, რომ ეს ადამიანები გამოხატავენ პროტესტს, პროტესტს ზოგადად ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და ასევე უკანონოდ დაკავებული ოჯახის წევრების პატიმრობების შესახებ, ტროტუარზე თუ გზაზე დგომის გამო აჯარიმებენ კოლოსალური რაოდენობის ჯარიმებით. ჩვენ ასეთი გვქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც რეჟიმის პატიმრის დედას, ზუსტად იმ დღეებში, როდესაც პატიმრების ბარათების შევსება უნდა მომხდარიყო, დაუყადაღეს ანგარიში და ჩვენ სამართლებრივი პროცედურები დაწყებული გვაქვს და ველოდებით აღნიშნულის მოხსნას და დღეს დილიდან უკვე 5 ჯარიმით დაუყადაღეს ანგარიში ერთ-ერთი პატიმრის მეუღლეს. რა თქმა უნდა, აქაც სამართლებრივ პროცედურებს დავიწყებთ. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობს ფსკერი, რომელსაც "ოცნების" მხრიდან შეიძლება, არ ჰქონდეს გარღვევა, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ტერორს, უკანონო დაჭერებს და შემდგომ უკანონოდ დაკავებული ადამიანების ოჯახის წევრების წინააღმდეგ გატარებულ ამ ფინანსურ ზეწოლას და რეპრესიებს, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთის" წევრი და ადვოკატი მარიკა არევაძე.