დღეიდან ძალაში შედის "ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც აბასთუმნის თავზე გარკვეულ ზონებში ფრენებს ზღუდავს
დღეიდან ძალაში შედის „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცის წესებს ცვლის და აბასთუმნის თავზე გარკვეულ ზონებში ფრენებს ზღუდავს.
ცნობილია, რომ ცვლილება ეხება იმ საჰაერო დერეფნებსაც, რომლებსაც საერთაშორისო ავიაკომპანიები ევროპასა და აზიას შორის გადაადგილებისთვის იყენებდნენ.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ცა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მუშაობის პირობების გაუმჯობესებისთვის იკეტება - ობსერვატორიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცის მაღალი ხარისხის ხილვადობა და მინიმალური ხელოვნური ზემოქმედება, რის გამოც საჭირო გახდა საჰაერო მოძრაობის შეზღუდვა აღნიშნულ არეალში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში იცვლება რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ტრასა, რომლებზეც ყოველდღე მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების ათეულობით სამგზავრო და სატვირთო ხომალდი ევროპასა და აზიას შორის დაფრინავს.
სახელმწიფო უწყებები საქართველოს საავიაციო სივრცის ნაწილის ჩაკეტვას იმით ამართლებენ, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას გამჭვირვალე ცა სჭირდება.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა "ბიძინა ივანიშვილის ახირებაა". "ქართული ოცნების" დამფუძნებელს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშლილ სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტზე 2020 წლიდან აქვს საოჯახო რეზიდენცია.