"ამ განხილვაში 3 ბავშვი დავკარგეთ" - მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების პროტესტი იწყება

20.04.26 17:16
"ამ განხილვაში 3 ბავშვი დავკარგეთ" - მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების პროტესტი იწყება

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები იკრიბებიან და დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მოქალაქეების განცხადებით, სამთავრობო კვარტალში დღეს 24-საათიანი პროტესტი იწყება, რომელიც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.

პაციენტების მშობლები აცხადებენ, რომ ძვირადღირებული პრეპარატი, რომელიც მათი შვილების სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს, ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით ას ადამიანს სჭირდება, რომელთა უმრავლესობა არასრულწლოვანია.

ერთ-ერთი მოზარდის მამა "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ ამ დრომდე მინისტრისგან დაპირებების გარდა არაფერი მიუღიათ, დროის გაწელვას კი უკვე სამი ბავშვი შეეწირა. 

მინისტრთან გვქონდა მანამდე ეხვედრა, ხშირად ვხვდებოდით ხოლმე, მაგრამ არანაირი შედეგი არ გამოიწვია. გვპირდებოდა, განვიხილავ, უსაფრთხოებას ვიხილავ, წელიწადნახევარი გავიდა და ჩვენ სამი ბავშვი დავკარგეთამ განხილვაში, ჰოდა, რა გზა დაგვრჩენია პროტესტის გარდა? და ამასაც გვიზღუდავენ, არ გვადგმევინებენ კარვებს. ალბათ უნდათ, რომ გავჩუმდეთ და ჩვენი შვილები დაიღუპნონ, მაგრამ ამას რომელი მშობელი გააკეთებს?, - ამბობს ერთ-ერთი მოზარდის მშობელი.