მრევლი: საპატრიარქომ ბერი ნარიმანის მცხეთაში დაკრძალვაზე უარი გვითხრა

20.04.26 18:21
მრევლი: საპატრიარქომ ბერი ნარიმანის მცხეთაში დაკრძალვაზე უარი გვითხრა

 

 

გარდაცვლილი ბერის, ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლის ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს საპატრიარქომ გარდაცვლილი ბერის მცხეთაში დაკრძალვაზე ოჯახს უარი უთხრა. 

მრევლის ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, [ძმას] და მრევლის წევრს [ლევან ფირცხალავას]  მამა კირიონი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე შეხვდა. 

"ვიყავით საპატრიარქოში. საპატრიარქოს წარმომადგენლებს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კირიონს და ჯაღმაიძეს შეხვდა მამა ნიკოლოზის ძმა, ზურაბი. ასევე ერთ-ერთი მრევლი, ლევან ფირცხალავა, და მათ კატეგორიული უარი განაცხადეს იმაზე, რომ მამა ნიკოლოზი იქნეს გადაბრძანებული და დაბრძანებული მცხეთაში. მთელი ქვეყანა ძალიან მალე იხილავთ რეალურად ვინ ზიან საპატრიარქოში და ვინ იყო ქრისტე მეფე ნარიმან ბაგრატიონი. დიდება მათ ძალას [სტილი დაცულია]" - აცხადებს ბერი ნიკოლოზის მრევლი. 

მრევლის კიდევ ერთი წევრი აცხადებს, რომ გარდაცვლილის ოჯახთან არცერთი ეპისკოპოსი არ მისულა. ეს მაშინ, როცა მათივე თქმით, ბერი ნიკოლოზი არ იყო საქართველოს ეკლესიიდან განკვეთილი ბერი. "ის იყო დაყენებული მღვდელ-მონაზონი".

ჩვენ, როცა იქ [საპატრიარქოში] მივედით, კატეგორიული უარით გამოგვისტუმრეს, მამა ნიკოლოზი დაბრძანებულია სარიტუალო დარბაზში, რაც ყველანაირი კანონის დარღვევაა"- აცხადებს "პირველების" კიდევ ერთი რესპოდენტი. 

ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.  როგორც მრევლი აღნიშნავს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მედიკოსებს მის ბინაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. 

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ დახმარებას თავად ბერი ნიკოლოზიც წერილობით ითხოვდა.