დემონსტრანტების ქუჩაში წამების მტკიცებულებები სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

20.04.26 21:06
დემონსტრანტების ქუჩაში წამების მტკიცებულებები სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

2024 წლის საპროტესტო აქციებზე, დემონსტრანტების ქუჩაში წამების ფაქტები სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, დადგინდეს, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე, სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა ხალხის სისტემურ წამებას და არასათანადო მოპყრობას. დოკუმენტი სტრასბურგში 4 მომჩივანის სახელით გაიგზავნა.

საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, არამედ, ეს არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რაც პროევროპული პროტესტების ჩასახშობად არის მიმართული. საჩივარში განმარტებულია, რომ ეს არის ევროკონვენციის მე-17 მუხლის დარღვევა. ანუ დემონსტრაციის ძალადობრივად დარბევისას, "ქართული ოცნების" ხელისუფლება გასცდა დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს.

ხელოვნების ისტორიკოსი ნოდარ არონიშიძე ერთ-ერთია ვინც ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი - პოლიციელის დაუმორჩილებლობის გამო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა. აქტივისტი ამბობს, რომ ქართული საგამოძიებო უწყებების უმოქმედობამ ერთადერთ გამოსავლად ევროპული სასამართლო დატოვა.

400-მდე აქტივისტის წამების ფაქტზე, პასუხისგებაში ერთი სამართალდამცველიც არ მიუციათ. არადა უკვე თითქმის ორი წელია რაც ფორმალურად გამოძიება მიმდინარეობს. სასტიკად ნაცემი ხალხის დიდ ნაწილს უკვე აქვს დაზარალებულის სტატუსიც, მაგრამ მოძალადე პოლიციელების გამოვლენა ამ დრომდე არ მომხდარა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამას კონკრეტული მიზეზი აქვს და ამ დანაშაულების გამოძიებას არავინ აპირებს. 

დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში