გაიაფებული ცხოვრების ნაცვლად, ქვეყანაში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
გაიაფების ნაცვლად ისევ ყველაფერი ძვირდება - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მხოლოდ მარტში და მხოლოდ ერთ თვეში 6.5 პროცენტით გაიზარდა პროდუქციის წარმოების ღირებულება, საკვების პროდუქტების ფასი 8 პროცენტით არის მომატებული, სასმელი კი 6-ით. დღეს ოცი აპრილია - თვის ბოლომდე კიდევ 10 დღეა დარჩენილი, "ქართული ოცნება" მოსახლეობას დაპირდა, რომ აპრილის თვეში ფასები დაიკლებდა, მაგრამ ყველაფერი ჯერ ისევ პირიქით ხდება.
ხალხი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეები მოატყუა. დღეს ჩვენ ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩავატარეთ, ქუჩაში გავედით და მოსახლეობას ვკითხეთ უჯდებათ თუ არა უფრო იაფი ცხოვრება დღეს ვიდრე წინა თვეებში. ახერხებენ თუ არა საჭირო საკვები პროდუქტების და მედიკამენტების შეძენას თან ისე, რომ თვიდან თვემდე თავის რჩენა სრულყოფილად შეძლონ.
საქსტატის დღევანდელი მონაცემები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკვების გაიაფება მარტივი საქმე არ იქნება. რას ამბობს სახელმწიფო მთვლელი? გაძვირებულია თითქმის ყველაფერი, რაც მიწიდან მოიპოვება. რკინა, სპილენძი, ოქრო - ფასები 33 პროცენტით არის მომატებული. ძვირდება სამშენებლო მასალები, ტექნიკა და ავტომობილების ღირებულებაც კი. მარტის თვის მონაცემებით, გაძვირებულია დამუშავებული მრეწველობის პროდუქციაც.