სასახლის ღობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს
სასახლის ღობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს.
მხარეები დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელებული ნანა სანდერის ვიდეომიმართვას გამოიკვლევენ, სადაც გამოძიების ვერსიით, სამოქალაქო აქტივისტი ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებს.
ამასთან, სხდომაზე უნდა გამოიკვლიონ ინტერვიუ, რომელიც ნანა სანდერმა ერთ-ერთ მედია საშუალებას მისცა და სადაც საუბარი იყო, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო 4 ოქტომბერს მოვლენები.
დაცვის მხარის განმარტებით, პროკურატურის აღნიშნულ მტკიცებულებებში ბრალდებული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე არ საუბრობს.
ბრალდების მხარე ასრულებს უკვე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს. ათეულობით დაზარალებული წარმოადგინა ბრალდების მხარემ, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ უთითებს კონკრეტულად იმას, რომ რომელიმე წარმოდგენილ ბრალდებულთაგან რომელიმემ მათზე განახორციელა ძალადობა. მათი ამოცნობა ვერც ერთმა დაზარალებულმა ვერ შეძლო.
რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, მას ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან, თუმცა ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი ჯგუფის წევრი, რომლის ორგანიზებაც მოახდინა მარიამ მეყანწიშვილმა.
ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში აღნიშნულ, წარმოდგენილ ბრალდებულებს შორის კავშირი," - ამბობს უფლებადამცველი.
- ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
- ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.