მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება

21.04.26 21:55
მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება

22 აპრილის 10:00 საათიდან, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქალაქ მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საავტომობილო გადაადგილების ალტერნატიული გზების შესახებ ინფორმაცია დამატებით მიეწოდება საზოგადოებას და ადგილზე განთავსდება დროებითი საგზაო ნიშნები.

ჩაკეტვის პერიოდში, მცხეთისკენ მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-20 კმ-ზე არსებული ზაჰესის კვანძის გავლით და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის გამოყენებით

ავტოტრანსპორტი მცხეთაში თბილისის მხრიდან შემოვა და ნარეკვავზე არსებულ სუპერმარკეტ ,,მაგნიტამდე” იმოძრავებს, ხოლო მცხეთიდან გასვლა დაუბრკოლებლად შეეძლება. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მცხეთის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიის მიმდებარედ გადმოინაცვლებს.

საგზაო სამუშაოებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია ,,ბლექსი გრუპი” განახორციელებს, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.